შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური კიბერდანაშაული გახსნა – დაკავებულები „საქართველოს ბანკისა“ და „TBC ბანკის“ ვიზუალურად მსგავსი ვებ-გვერდების მეშვეობით მოქალაქეების თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ, _ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტაენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე კიბერდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, უკანონოდ ეუფლებოდნენ მოქალაქეთა საბანკო მონაცემებს და აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ.
კერძოდ, აღნიშნული პირები სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებ-გვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და “თი-ბი-სი” ბანკის ინტერნეტ-ბანკინგის ვებ-გვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, ხდებოდა „ფეისბუკის“ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურების შეთავაზება. გარდა ამისა, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აღნიშნული ვებ-გვერდებიდან ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი ათამაშებდა სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ პრიზებს. შედეგად, რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო, მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით, ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს.
დაკავებული პირები თანხებს მათ მიერ სხვადასხვა ბანკისა და ინტერნეტ-ტოტალიზატორების წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ.
აღნიშნული ქმედებით ამ პირებმა მოქალაქეებს 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე ფინანსური ზიანი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლში, დროებით საცხოვრებელ ბინასა და სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათი და ფული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად თანამშრომლობს საბანკო სექტორთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის პროცესში.
სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს ბრძოლას მსგავსი სახის დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყნის საბანკო სექტორი და მისი მომხმარებლები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი.