რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მოასპარეზე ნოვოკუზნეცკის „მეტალურგი“ ქვეყნის ელიტური კლუბების რიცხვს არ განეკუთვნება, მაგრამ ბოლო წლებში პროგრესირებს და შარშანდელ ჩემპიონატში თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა – მე-4 ადგილი დაიკავა.
წლეულს „მეტალურგი“ უფრო მაღალი ადგილის დაკავებას გეგმავს და ამისთვის შემადგენლობას აძლიერებს.
სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში მდებარე ამ ქალაქის კლუბის ოფიციალურ საიტზე მეტად საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა.
ნიუსში წერია, რომ გუნდი სამი ქართველით გაძლიერდა და თუ ლევან დარასელიასა და ირაკლი ქორიძეს „მეტალურგში“ ადრეც უთამაშიათ, მესამე ქართველი პირველად გახდება ამ კლუბის წევრი. საუბარია გიორგი შკინინზე, ბორჯღალოსან უკანახაზელზე.
ჩოხატაურელი ირაკლი ქორიძე 32 წლისაა და შერკინების პირველი ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე ეხერხება თამაში. არც ლევან დარასელიაა გამოუცდელი – 31 წლის მორაგბე 6 ან 7 ნომერზე თამაშობს ხოლმე.
სხვათა შორის, დარასელიასა და ქორიძის დაბრუნება სამიოდე კვირის წინ იყო დაანონსებული, თან ითქვა, რომ „მეტალურგის“ ქომაგებს სიურპრიზი ელოდათ და დარასელია-ქორიძესთან ერთად გუნდში ძალიან ცნობილი ქართველი მორაგბე უნდა მისულიყო.
როგორც ხვდებით, საუბარი შკინინის შესახებ იყო.