აღდგომის დღესასწაულის მოახლოების წინ ჩოხატაურში, სოფელ შუაფარცხმის სასაფლაოს წინ ტერიტორია გასაწმენდია _ სასაფლაოს წინ მოჭრილი ხის ტოტები, უკვე რამდენიმე თვეა ყრია.
“ზამთრის წინ გაჭირვებულ მოსახლეობას შეშით დაეხმარნენ, მერე კი ამინდები გაფუჭდა და ტერიტორია გასაწმენდი დარჩა”, _ ამბობენ სოფლის მცხოვრებლები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერია “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ სასაფლაოს ტერიტორია რამდენიმე დღეში აუცილებლად გაიწმინდება:
“აღდგომის დღესასწაული ახლოვდება და აუცილებლად დალაგდება. შუაფარცხმაშიც უკვე გაუფორმდათ სოციალურად დაუცველ ადამიანებს დასაქმების ხელშეკრულება და ამ დღეებში დაიწყება საზოგადოებრივი სამუშაოები. ცოტა შეფერხება გამოიწვია იმან, რომ ინვენტარი არ არის ჩამოსული”, _ გვითხრა ჟღერიამ.
თუმცა, სასაფლაოს წინა ტერიტორიის დაუსუფთავებლობა სოფლის ერთადერთ პრობლემას არ წარმოადგენს _ ადგილობრივი მცხოვრები ზია შავაძე ამბობს, რომ კლიმატური პირობების გამო, ჯერჯერობით, კარტოფილის დათესვა ვერ მოხერხდა, რამაც, შესაძლოა, მალე ბაზარზე კარტოფილის ფასის მატება გამოიწვიოს:
ზია შავაძე
“უამინდობის გამო ჯერ ამ სოფელში კარტოფილის კულტურაც კი არ აქვს დათესილი არავის. ახალი პროდუქცია ძველს ვერ მოუსწრებს, შესაბამისად, ფასი მოიმატებს”, _ ამბობს შავაძე და აღნიშნავს, რომ სასუქების სიძვირის გამო ხვნა-თესვას პრობლემა ექმნება.
“დაახლოებით, ორი თვეში რომ ჩამოიარო სოფელში, ნახავ, რომ მიწების უმეტესობა დაუხნავ-დაუთესავია. სასუქების სიძვირის გამო, ხვნა-თესვას პრობლემა ექმნება. სოფელი ამარაგებს ქალაქს, მაგრამ როცა ხარჯს წინასწარ სწევ და შესაბამის შედეგს ვერ იღებ, უკვე პრობლემაა. როცა მიწა დაუხნავია, ე. ი. არც ეკონომიკა გაქვს და არც სურსათი”, _ ამბობს შავაძე.
ჩვენს კითხვაზე, ეხმარება თუ არა აგროსესხი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებს, შავაძე ამბობს, რომ ფასების გამო შრომას უკვე ფასი არ აქვს.
“ფერმერი ვარ. აგროსესხი გავაკეთე. ფასების გამო, ფაქტობრივად, კოტრდები. შრომას უკვე ფასი არ აქვს. სასუქი _ 75 ლარი, თხილის სასუქი 100 ლარიც კი ღირს. წინასწარ უნდა იყიდო, რომ დახნა-დათესო და დაასხა. წინასწარ რომ ამხელა თანხას ჩადებ და ვერ მოიმკი ვერაფერს, შრომას შედეგი არ აქვს. 1 000 კვადრატული მეტრი მიწას დასახნავად საჭიროა, დაახლოებით, 30 ლიტრი საწვავი, მინიმუმ 1 ტომარა სასუქი, კულტივაცია. მოწეული სიმინდი კი ხარჯებს ვერ ფარავს”, _ ამბობს შავაძე.
_ ვაჭრობით მიღებული შემოსავალი თვიდან თვემდე გყოფნით?
_ ახლა მე რომ ვუყურებ, უკან და უკან მივდივარ. არაფერში არ მყოფნის ეს შემოსავალი. ერთი კილოგრამი ხორბალი ლარნახევარი ღირს, ქერი ძვირია, ფასების დარეგულირებას უხვი პროდუქცია მოახდენს და არა ცარიელი ბაზარი. ჩვენ ბაზარში კი ფულით იშვიათად რომ ვინმე მოვიდეს. ვიღაცამ მოიტანა თხილი, ყველი, ინდაური, გაყიდა და სხვა რამე იყიდა. ამიტომ ვაჭრობა ცოტა რთულია.
შუაფარცხმელების პრობლემას მხოლოდ მიწის დამუშავების გართულება არ წარმოადგენს _ აქ არც წყლის სისტემაა მოწესრიგებული და სოფლის გზებიც ცუდ მდგომარეობაშია.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს წყლის სისტემის და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია გახორციელდება.
მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასაწყებად ჯერ პროექტირება უნდა დასრულდეს.
ავტორი