დღევანდელი სახალისო მოგონებების მთავარი გმირები ქართველი ხელოვანები იქნებიან. ნება მომეცით ე.წ. „საბჭოურ პერიოდში“ დაგაბრუნოთ და იმ დროს გავრცელებული რამდენიმე ცნობილი „ისტორია“ გაგახსენოთ.
ყველასთვის საყვარელი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე ძალიან გულჩვილი, კეთილი ადამიანი იყო და რომ იტყვიან, მოყვასისთვის სულსაც არ დაიშურებდა.
ეროსის ფეხით სიარული უყვარდა და სპექტაკლსა თუ რეპეტიციაზე სახლიდან ფეხით მიდიოდა ხოლმე. ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში.
ერთ დღეს „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ქაშუეთთან ჯიბეები მოიჩხრიკა, რომ ტრადიციული რიტუალი შეესრულებინა, მაგრამ საფულე სახლში დარჩენოდა. არადა, მათხოვარი მას მოღიმარი სახით ელოდა. ეროსიმ არც აცია, არც აცხელა, ჩანთიდან მოსამართლე აზდაკის უზარმაზარი ქუდი ამოიღო, მათხოვარს წამოდგომა სთხოვა, თავად კი მისი ადგილი დაიკავა. ქუდი წინ დაიდო და მოსამართლე აზდაკის ფრაზას იმეორებდა, „ქრთამს ვიღებო…“ გამვლელ-გამოვლელებმა, რა თქმა უნდა, იცნეს დიდი ეროსი და იმასაც მიხვდნენ, თუ რაშიც იყო საქმე. სულ რაღაც ათიოდე წუთში უზარმაზარი ქუდი ფულით აივსო. ეროსიმ საათს დახედა. აზდაკის ქუდიდან მათხოვარს მთელი ფული ქუდში ჩაუცალა და უთხრა: – აი, ძმაო, მთელი წლის ჩაიბარეო. შემდეგ კი წამოდგა და მისთვის ჩვეული ღირსებით განაგრძო გზა თეატრისკენ.
კოტე მახარაძის ცხოვრებაში იყო ერთი ამბავი, რომელიც გახმაურებული არ არის.
ბატონი კოტე რაღაც საქმეზე ჩავიდა ჭიათურაში. მთელი ქალაქი დიდი სიყვარულით შეხვდა.
საღამოს, რა თქმა უნდა, მშვენიერი პურმარილი გაიშალა. მასპინძლებმა სთხოვეს, რა იქნება, ხვალ რომ საფეხბურთო რეპორტაჟს წაიყვან, დღევანდელი შარაფი ახსენო, ძალიან გაგვახარებო.
მეორე დღეს თბილისში დაბრუნდა კოტე მახარაძე და საქართველოსა და უნგრეთის თამაშს გაუძღვა.
უნგრელების გუნდში ერთი ფეხბურთელი თამაშობდა, გვარად შეფერი. ვითომ გვარის გამოთქმა უჭირდა და შიგა და შიგ იძახის: ბურთი აქვს შარაფს, მიიღო შარაფმა, რა კარგი რამეა ეს შარაფი და მოკლედ, არ დაიშურა არაფერი.
მიცემული სიტყვა კაცურად შეასრულა და გაახარა ჭიათურლები. ჭიათურაში კი ისევ გაიშალა სუფრა და ერთხელ კიდევ შეისვა კოტე მახარაძის სადღეგრძელო.
ეს ამბავი გურიაში მოხდა. როგორც ჩვეული იუმორით ნოდარ დუმბაძე ყვებოდა, მის სოფელში ერთი ტანმორჩილი კაცი ცხოვრობდა, სახელად გურამი. 40 წელს გადასცილდა და ცოლი ვერა და ვერ მოიყვანა. მთელი სოფელი უჩიჩინებდა, მაგრამ საშველი არ დაადგა. განსაკუთრებით ენაკვიმატობით აფრასიონი აქტიურობდა და რამდენჯერაც არ უნდა შეხვედროდა, იმდენჯერ რაღაც საქილიკოს ეტყოდა. ერთხელ, გურამი მთელი თვით დაიკარგა. აფრასიონი ხუმრობდა: ცოლი ვერ მოიყვანა და გათხოვდა ალბათო. ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა გურამი ვიღაც ორმეტრიან ქალთან ერთად. რა თქმა უნდა, გაიგო აფრასიონმა და გახარებულმა სახლში მიაკითხა. გურამმა იფიქრა, სანამ რამეს მეტყვის, დავასწრებო და მიახალა:
– აჰა, აფრასიონ, მოვიყვანე ცოლი.
აფრასიონმა ახედა გურამზე სამჯერ მაღალ ქალს და ჰკითხა:
– კი. მარა, ეს ქალი მთლიანად მეიყვანე, გურამია?
ერთხელ გურამ დოჩანაშვილი ეწვია ოტია იოსელიანს გვიშტიბში. სხედან თურმე, საუბრობენ. უცებ ოტია წამოდგა. ეზოში გავიდა. იქვე მიყუდებულ ნაჯახს ხელი წამოავლო და დაიქადნა:
– ერთი მეზობელი მყავს, საშინლად იქცევა, რა არ ვუთხარი, რანაირად არ ვეხვეწე, მაინც არ იშლის უწესობას. ახლა მივადგები და ამ ნაჯახით გავუსწორდებიო, – თქვა ეს და ეზოს ბოლოსკენ გაემართა. მისდევს უკან შეშფოთებული დოჩანაშვილი. იცის მისი უცნაური ხასიათის ამბავი, ეშინია, ცოდვა არ დაატრიალოს. ვის აღარ აფიცებს – შვილებს, შვილიშვილებს, რომ გადაათქმევინოს განზრახული. სთხოვს, მე მაპატიეო მისი ავკაცობა. არაფერმა გაჭრა და მიდიან ხეივანში ასე, ჯაჯგურით. ბოლოს ღობის ძირას მოყელყელავე ალუბალს მიადგნენ. მოუღერა ოტიამ ხეს ნაჯახი და ეუბნება:
– დღეს ამ პატიოსან კაცს უმადლოდე შენს გადარჩენას, მაგრამ იცოდე, გაისადაც თუ არ მოისხამ, ვერაფერი გიშველისო.
ერთხელ, ერთ ბოჰემურ სუფრაზე კალმის კორიფეები – კონსტანტინე გამსახურდია და გოგლა ლეონიძე მოხვდნენ. წითელ ღვინოსა და ნაირ-ნაირ კერძებს, სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერებიც ახლდა თან, რომლებსაც დიდებულად ასრულებდნენ მოქეიფე მომღერლები. გამსახურდია კი მეგრული სიმღერების დროს თავადაც ღიღინებდა… შუა ქეიფისას შემთვრალმა გოგლა ლეონიძემ გამსახურდიას უთხრა:
– კოწია, მეგრელები ასეთი ლაღი, მხიარული ხალხი ხართ, სიმღერები კი ნაღვლიანი გაქვთ. ჩვენ, კახალებს ყველა ოხერმა გადაგვიარა, მაგრამ ჩვენი სიმღერები ბევრად მხიარულია თქვენზე. რატომ, რას გლოვობთო?
კონსტანტინე გამსახურდიამ თვალი თვალში გაუყარა დიდ პოეტს და მიუგო:
– იმას ვგლოვობთ და იმიტომ გვაქვს ნაღვლიანი სიმღერები, გოგლა, ძმაო, რომ თქვენ ყველა ოხერმა გადაგიარათო…
ცნობილი მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ახალგაზრდობაში ერთხელ ერთ მეგობარს ვესტუმრე ქუთაისში. შუა ქეიფში ვართ და ერთ-ერთმა შემოსწრებულმა თქვა:
– ბიჭო, ჯიმშერიას „ლადა“ ჩამოუყვანია რუსეთიდან.
„ლადა“ იმ წლებში ძალიან პრესტიჟული მანქანა იყო, ჯიმშერია კი ამ სუფრის წევრების ახლო მეგობარი, რომელიც, თურმე ძალიან ხშირად იცვლიდა ცოლებსა და მანქანებს. „ლადას“ პატრონი რომ სუფრაზე არ გვეწვია, მეორე დღეს მას სახლში დავადექით კოლექტიურად, რომ „ლადა“ გვენახა და გაგვეტარებინა. ჯიმშერია სახლიდან გამოვიხმეთ და ჩემი მეგობარი ეუბნება:
– ჯიმშერია, ბუჯო, გამეიყვანე შენი „ლადა“, რომ შევაჯდეთ და გავაჭენოთო…
ჯიმშერია, ჯერ გაოგნდა, შემდეგ გაფითრდა და ცივმა ოფლმა დაასხა… ბოლოს კი რკინის სარი მოწყვიტა, დედის გინებით გამოგვეკიდა და კიდევ კარგი, რომ ვერავის მოგვარტყა, თორემ მოგვკლავდა…
საქმე კი ის იყო, რომ ლადა მის ახალ ცოლს ერქვა და არა ახალ მანქანას.