ლანჩხუთში, ვადაჭკორიას ქუჩაზე სოციალურად დაუცველ მამედოვების შვიდსულიან ოჯახს, რომელთაგან ოთხი მცირეწლოვანია, ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება.
მამედოვების ავარიული სახლი ორი ოთახისგან შედგება. ამ სახლის გარდა ეზოში ნახევრად დანგრეული კიდევ ერთი შენობაა, რომელსაც, როგორც ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი გვიხსნის, სამზარეულოდ იყენებს. თუმცა, იმის გამო, რომ ზამთარში აქ წყალი დგება, ხშირად საჭმლის მომზადება ღია ცის ქვეშ უწევს.
“სახლში ისედაც სივიწროვეა _ შვიდი სული ძლივს ვეტევით. ეს ორი ოთახი ჩვენთვის საძინებელიცაა, მისაღებიც და სასადილოც, ამიტომ საჭმელს ქვევით ვამზადებ. ზამთარში კი ხშირად გარეთ, ეზოში მიწევს საჭმლის კეთება, რადგან ამ ე. წ. “კუხნაში” წყალი დგება და შიგ ვეღარ შევდივარ.
სახლს, ფაქტობრივად, საძირკველი არ აქვს. კიბეც ისეა დაზიანებული, სადაცაა ჩავარდება. მერია სახურავით კი დაგვეხმარა, მაგრამ ეს არ შველის ჩვენს პრობლემას. შენობა სტიქიამ დააზიანა და ავარიულია. როცა წვიმს, წყალი ამოსასვლელ კიბეს ფარავს, ოთახების ქვემოთ მუდმივად წყალი დგას და დანესტილია ყველაფერი. ეზოში, ნებისმიერ ადგილას, ცოტაც რომ ამოთხაროთ მიწა, წყალი ამოდის, ისეა გაჟღენთილი. ფაქტობრივად, დაჭაობებულია აქაურობა. სინესტის გამო ბავშვებიც ხშირად ავადმყოფობენ, უფროსებზე აღარაფერს ვამბობ. ახლაც ორი ბავშვი მყავს ავად _ 120 ლარის წამალი დაჭირდათ.
სახლში ქვეწარმავლები შემოდიან, მუდმივ შიშში ვართ, რომ ბავშვები არ დაკბინონ. როგორც კი შებინდდება, მორიელები იწყებენ გამოსვლას, საღამოობით ნადირობა გვაქვს მათზე გამოცხადებული. ვინ იცის, დღეში რამდენს ვკლავთ”, _ გვიყვება ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი და ქილაში გამომწყვდეულ მორიელებს გვიჩვენებს.
მისი თქმით, მათი ოჯახის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა:
“მერიაში კარგად იციან ჩემი ოჯახის პრობლემის შესახებ. სახლის გადასახური მასალა კი მოგვცეს, მაგრამ ავარიულ კედლებსა და მორყეულ საძირკველს რა მოვუხერხო შიშველი ხელებით?! შემომთავაზეს ქირავნობის პროგრამაში ჩაგსვამთო. 100 ლარს იძლევიან თვეში, აქედანაც 20 ლარი იქვითება და ამ ფასად სად ვიშოვი ბინას?! თანხის დამატების საშუალება არ მაქვს _ ოჯახის არც ერთი წევრი არ ვმუშაობთ და მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და შშმ ბავშვის პენსიაა”.
მამედოვების ოთხი მცირეწლოვანი ბავშვიდან ყველაზე უფროსი ექვსი წლისაა, ერთ-ერთი კი შშმ პირია და სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებასაც იღებს.
“ჩემი ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა _ ვერ საუბრობს, სიარულიც ახლახანს შეძლო მკურნალობის შემდეგ და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ოთხივე ბავშვი მცირე ასაკისაა _ ყველაზე უფროსი პირველ კლასშია. სამსახურის შოვნის საშუალებაც რომ იყოს, ბავშვების გამო სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორი ყურადღება სჭირდება შშმ ბავშვს.
მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსიაა. უფასო სასადილოთიც ვსარგებლობთ, თუმცა, აქ მხოლოდ ერთ წევრზე გვეძლევა ულუფა. ჩემს მეუღლეს ფეხი ტკივა და ფიზიკურ შრომას ვერ ახერხებს, დედამთილს კი დიაბეტი აქვს და იქეთ საჭიროებს ყურადღებას.
საჭმლის ფულს არ ვითხოვთ _ როგორღაც ვახერხებთ თვიდან თვემდე თავის გატანას, უფროსებს კი გვიწევს ბევრი რამის დათმობა, მაგრამ ვცდილობთ, ბავშვებს მაინც არ მოვაკლოთ აუცილებელი და მათთვის საჭირო.
ჩემი ოჯახის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია. არ მინდა, ჩემი შვილები ნესტისგან დაავადმყოფდნენ და მუდმივად ქვეწარმავლების დაკბენის შიში მქონდეს. ნუთუ, არ შეიძლება, რაიმე საშუალება გამოინახოს და დაგვეხმარონ _ ასე განწირულები ხომ არ უნდა ვიყოთ ქვეწარმავლების დასაკბენად?!” _ ამბობს ოთხი შვილის დედა, რომელსაც მძიმე ყოფით პირობებში უწევს მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა.
მამედოვების პრობლემასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” კომენტარისთვის ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იყო დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში, თუმცა, თავისივე ინიციატივით შეწყვიტა პროგრამით სარგებლობა, ხოლო განმეორებითი შეთავაზებისას უარი განაცხადა.
მერიამ სრული სია მოგვაწოდა, თუ რა სახის დახმარება მიიღო წლების განმავლობაში აღნიშნულმა ოჯახმა:
“2019 წელს, აგვისტოში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა საბა მამედოვის სარეაბილიტაციო 10-დღიანი კურსი. დახმარების თანხა ბენეფიციარსა და მის თანმხლებ პირზე (ნესტან ტყეშელაშვილი) შეადგენდა დღიურ 35 ლარს. საერთო ჯამში, მამედოვის ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა 700 ლარით.
2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ ოჯახს საშეშე მერქნის შესაძენად ანგარიშზე ჩაერიცხა 100 ლარი.
2018 წელს გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით.
2018 წლის ივლისში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 700 ლარის ოდენობით.
2017 წლის მარტში გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით.
2016 წელს გაეწია გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით.
2016 წლის ოქტომბერში გაეწია განმეორებით დახმარება ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან 150 ლარით.
2015 წელს ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იქნა მუნიციპალიტეტის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში. მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა ბინის ქირა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
2014 წლის სექტემბერში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 800 ლარი.
2014 წელს გადაიხურა საცხოვრებელი სახლის სახურავი.
2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაეწია დახმარება საკვებ პროდუქტებზე”, _ აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.