ახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას.
_ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო საჭიროების მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები, უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ.
დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.