საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
“მე განა სპეტაკი სიმაღლიდან ვუყურებ ამბავს, მეც თქვენს შორის ვარ – ამ საუკუნის, უნდობლობის საუკუნის შვილი საქართველოში. და ჩვენ ყველას, დიდი და დაჟინებული მონდომებით, გვგონია, რომ უკვე ყველაფერი დადგმულია. აგერ წუხანდელი ამბავიც – ,,პირველს” ჰგონია, რომ “მეორემ” “დადგა”, “მეორე” უკვე ამბობს, რომ “პირველმა”. ერთი-ორ დღეში გადაივლის ეს საქმე, ,,კორონას სპექტაკლზე” ფიქრი დაგვიბრუნდება. მერე სხვა ეჭვი გაგვღრნის, სხვა უნდობლობა. ,,შენ გჯერა ეგ?” ვკითხავთ ერთმანეთს ეშმაკური ღიმილით და სხაპასხუპითვე ვუპასუხებთ; ,,არა, კაცო, რანაირად უნდა მჯეროდეს”. ეჭვით დაქუცმაცებული დავიარებით, გამოგონილი ან ნამდვილი ეჭვით. ეჭვით დაფლეთილ მზერას ვაცმევთ ერთმანეთს და უერთმანეთობა გვცივა – მეტაფორულად ვლაპარაკობ? კი, იმიტომ რომ მეც მეშინია და მეც ვეჭვობ, ან ,,იმისტი” არ დამიძახოთ, ან ,,ამისტი”, ამ ამბებიდან სრულიად განზე მდგომ კაცს. კი, მეც ეჭვიანი ვარ და ასე ერთმანეთის შიშით, ეჭვით, სიძულვილით სავსეები საბოლოოდ ვკარგავთ ერთმანეთს. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ყველაფერი სპექტაკლი გვგონია. უფრო სწორედ, ისე მივაჩვიეთ ტყუილებს და ტკივილს ერთმანეთი ბოლო ოცი წელია, ან შეიძლება მეტიც, რომ სხვა გზა არ გვაქვს – ასე უნდა გვეგონოს.
ამ წერილით კონკრეტულ ამბავზე არაფერს ვამტკიცებ – ტყუილად ნუ დაიხარჯებით დამუნათებით და სცენარების ჩამოწერით. მიხარია, რომ ადამიანები გადარჩნენ – სპექტაკლში თუ სპექტაკლს მიღმა. ადამიანის გადარჩენა ყველგან და ყოველთვის გამიხარდება”,_ წერს კეკელიძე.