ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის კარიერზე მომუშავე კომპანიას, „ქიუ-ემ-სის“ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, მთელი წლის მანძილზე ხდებოდა დავა, იყო საპროტესტო აქციები, რაც ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან.
დღეის მდგომარეობით, როგორც ადგილობრივები და კომპანიის ერთ-ერთი თანამფლობელი იაკობ ლექვინაძე ამბობს, მოხდა მოსახლეობის პრობლემების სრული შესწავლა, ესაუბრნენ ერთმანეთს, გამოინახა დიალოგის გზა და დაიდო მემორანდუმი, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით დ ორგანიზებით სედგა.
_ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ ისე, როგორც მოსახლეობასთან შეთანხმებით მოხდა. კარიერზე არსებობს მკვრივი დამბა, რომელიც წყლის შემაკავებელ ბუნებრივ ჯებირს წარმოადგენს. ამის შესახებაც სპეციალისტებმა მოგვცეს რეკომენდაცია, რომ არ უნდა შევეხოთ. მემორანდუმი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით დაიდო. სულ 6 კილომეტრის სიგრძის გზა უნდა გავაკეთოთ. ამჟამად ორკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაა დაწყებული, რომელიც მთლიანად თავიდან კეთდება. შემდეგ კი ბაილეთი-ჭანჭათის 4 კილომეტრიანი გზა, რომელსაც წლის ბოლომდე დავასრულებთ. გარდა ამისა, ოთხივე სოფელს 50 ჰა სავარგულს დავუხნავთ და დავუთესავთ, – თქვა იაკობ ლექვინაძემ.
თავის მხრივ ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მათთვის მისაღებია კომპანიის ასეთ თანამშრომლობაზე წამოსვლა.
_მთავარია, რომ ახლა როგორც გზის გაკეთება დაიწყეს, ბოლომდე ასე გააგრძელონ და ხვნა-თესვითაც დაასრულონ გაზაფხულზე. კომპანიასთან სამშვიდობო პროცესი, გზის გაკეთებით და სავარგულების დახვნით იწყება. ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, რომ როცა ამდენი ინერტული მასალა მიაქვთ სანაცვლოდ სოფელს მნიშვნელოვნად დაეხმარონ. ამას მივაღწიეთ და ვართ მადლობელი, _ ამბობენ ისინი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ სახელით, ირმა გორდელაძემ განაცხადა, რომ მისთვის მთლად სახარბიელო არაა ეს მემორანდუმი და არ მოსწონს კარიერიზე არსებული პროცესის გაგრძელება არანაირი გზის სანაცვლოდ.
_ თუმცა, რაკი მოსახლეობას და კომპანიას შორის მოხდა შეთანხმება, ხელს არ შევუშლით. მონიტორინგს კი აუცილებლად გავუწევთ და მუდივად შევამოწმებთ, _ თქვა მან.