კინო, როგორც ხელოვნების დარგი, დაახლოებით, 120 წლის წინ შეიქმნა და განვითარების რამდენიმე ეტაპიც გაიარა. თავდაპირველად მუნჯური ეპოქიდან ხმოვანზე გადავიდა, მოგვიანებით შავ-თეთრი გამოსახულება ფერადად შეიცვალა, ბოლო პერიოდში კი კინომანთა სამსჯავროზე სამგანზომილებიანი “ავატარიც” გამოჩნდა.
მიღებულია აზრი, რომ ძმები ლუმიერების პირველი ქმნილება იყო “მატარებლის შემოსვლა ლა სიოტის ვაგზალზე” და მისი საჯარო დემონსტრირება 1885 წლის 28 დეკემბერს გაიმართა პარიზში, კაპუცინების ბულვარზე მდებარე “გრან კაფეს” სარდაფში. სინამდვილეში ლუმიერების პირველი ნამუშევარი იყო “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან”.
თუ ბოლომდე მივყვებით სინამდვილის ძიებას აღმოვაჩენთ, რომ პირველი “კინორეჟისორები” თომას ედისონი და უილიამ დიქსონი იყვნენ. ამ წყვილმა ჯერ კიდევ 1889 წელს შექმნა მოწყობილობა, რომელსაც “კინეტოფონოგრაფი” უწოდეს. დედამიწაზე გადაღებული სულ პირველი ფილმის გმირებიც ისინი აღმოჩნდნენ: ფირზე აღბეჭდილი დიქსონი ხელის აწევით ესალმებოდა ედისონს.
კინოხელოვნებამ საკუთარი განვითარების გზის ძიება დაიწყო. სულ მალე ამ ქვეყნიერებას პირველი საშინელებათა ფილმიც მოევლინა, რომელიც ჯერ კიდევ 1896 წელს შეიქმნა. ეს იყო ჟორჟ მელიესის სურათი “ციხე-დარბაზი ეშმაკითურთ”, რომლის მოქმედება გოთიკურ ციხე-კოშკში ვითარდებოდა.
საინტერესოა, რომ პირველი კინოვარსკვლავის საპატიო წოდება არა მამაკაცს, არამედ ქალბატონს ერგო. ეს უკანასკნელი მერი პიკფორდი გახლდათ და ამ პატივსაც დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა.
ამჟამინდელი ფილმები წარმოუდგენელია ეროტიკული სცენების გარეშე. თქვენ წარმოიდგინეთ და მაყურებელთა მისაზიდად სამიჯნურო ეპიზოდებს “პიონერი” კინორეჟისორებიც მიმართავდნენ. სურათი “კოცნა” 1896 წელს გადაიღეს. ეკრანზე ერთმანეთს კოცნიდნენ მსახიობები მერი ირვინი და ჯონ რაისი. კინოში პირველმა სექსუალურმა სცენამ კი მთელი ოცი წლით “დაიგვიანა”. ფილმში “სენდვიჩი ბალახზე”, მსახიობებმა კოცნის გარდა უფრო მეტის უფლებაც მისცეს თავს. ეს მოხდა 1915 წელს და სწორედ რომ ამ ხნიდან დაიწყო სექსის ისტორია კინოში.
ამერიკელი გამომგონებლის, თომას ედისონის ერთ-ერთ პირველ სურათში ეკრანზე ცეკვავდა ერთმანეთს მხურვალედ ჩახუტებული ორი მამაკაცი. მესამე კი ვიოლინოზე უკრავდა. რასაკვირველია ეს კომედია იყო და ჯერ კიდევ 1895 წელს მაყურებელი სანამ ეს ეპიზოდი გადიოდა მთელი 17 წამის განმავლობაში გულიანად იცინოდა. კინოს ისტორიკოსები ამ ადრინდელ სურათს დღემდე ერთგვარი ირონიით იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი „გეი ფილმი“.
თუ მერი პიკფორდმა კინოვარსკვლავთა ოფიციალური სია გახსნა, მსახიობები ასტა ნილსენი და როდოლფო ვალენტინო პირველი სექს-სიმბოლოს მატარებელი ვარსკვლავები გახდნენ. ეს ტერმინი პირველად 1911 წელს შემოიღეს.