ლანჩხუთის ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში ქართული კინოს ლეგენდარული მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ვასილ ჩხაიძის დაბადებიდან 115 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღინისძიება გაიმართა.
ქართული კინოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, ვასილ ისააკის ძე ჩხაიძე 1905 წლის 2 იანვარს გურიის ულამაზეს სოფელში აცანაში დაიბადა, რომელიც იმ დროისათვის ოზურგეთის მაზრას ეკუთვნოდა.
მსახიობის ცხოვრება-შემოქმედების შესახებ თეატრის მუზეუმის გამგემ მაია ჩხაიძემ ისაუბრა და დამსწრეებს ვასილ ჩხაიძის მოღვაწეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„განსაკუთრებით, აღსანიშნავია, მის მიერ შესრულებული ქრისტეფორეს როლი ე.შენგელაიას ,,შერეკილებში”,რისთვისაც 1974 წ, ქართული ფილმების 1 რესპუბლიკური კინოფესტივალის სპეციალური პრიზი მიიღო.,,ბიძია-ბაბუა” ქრისტეფორე,დღემდე ერთგული და მარადიული მიჯნურის სახეა,რომელსაც სჯერა,რომ ,,სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი”“-აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ქალთა ვოკალური ანსამბლი ,,აცაურა”, ასევე წაიკითხეს ლექსები გალაქტიონისა და ტიციანის შემოქმედებიდან.
ღონისძიების მიწურულს კი ზურაბ ყიფშიძის საავტორო გადაცემიდან- ,,ჰოპლა,ჩვენ ვცოცხლობთ” ვასილ ჩხაიძისადმი მიძღვნილი ფილმი უჩვენეს.