24 ოქტომბერს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში იმ 14 პედაგოგს მოუწყვეს საზეიმო “სიყვარულის გაკვეთილი”, რომლებმაც სკოლა საპენსიო ჯილდოს შემდეგ დატოვეს.
_ ჩვენ დღეს სიყვარულის გაკვეთილზე მოვიპატიჟეთ ადამიანები, რომლებიც თავად მუდამ სიყვარულს ასხივებენ. ზოგადად, მასწავლებლობა რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, იყო ღირსეული მასწავლებელი. განსაკუთრებით, მინდა, მივესალმო დირექტორთა დირექტორს ლიანა იმედაშვილს, რომლისგანაც ვისწავლე, როგორი უნდა იყოს დირექტორი. მისი სახელი მეორე სკოლაში არ დამთავრდება, _ თქვა სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ბილიხოძემ თავის მისალმებაში ხაზი გაუსვა სიყვარულის გაკვეთილის უმთავრეს არსს, რომ ეს დღე ნებისმიერი მასწავლებლის ცხოვრებაში დადგება და რაც შეიძლება მეტი სიყვარული უნდა გავცეთ, რომ უკან მეტად დაუბრუნდეთ.
ემოციური იყო პედაგოგ მაია ღლონტის გამოსვლა, რომელმაც საკუთარი ლექსით გააცილა სკოლიდან მიმავალი ადამიანები.
_ სკოლის კედლებს, საკლასო ოთახის კარს სახით მივეხუტე, აქ 46 წელი გავატარე, ასე ტაძარს ეხუტებიან… ყველას მადლობა, ვინც პენსიაზე გასვლა ასე გაგვიხალისა, თუმცა, გული აქ რჩება, _ ცრემლები ვერ დამალა სკოლიდან წასულმა პედაგოგმა ვერა ჩანტლაძემ.
ფატი სიორიძემ “სიყვარულის გაკვეთილიდან” სტუმრები “სიყვარულის სემინარზე” მიიპატიჟა, რომელიც რესტორან “ელეგანტში” შედგა. სკოლის კურსდამთავრებულები ვიდეომიმართვებით მიესალმნენ თავიანთ აღმზრდელ პედაგოგებს. გაიხსენეს ბევრი ისტორია სასკოლო ცხოვრებიდან, რომელიც მათ ცხოვრებას ბოლომდე გაჰყვება.
გაიმართა სახელდახელო კონცერტი, რომელშიც ყველა გამომსვლელი ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რომ სითბოთი სავსე ყოფილიყო “სიყვარულის სემინარი”.
მასწავლებლებს გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე მიესალმნენ.
“სიყვარულის გაკვეთილიდან” “სიყვარულის სემინარზე” მოწვეული პედაგოგები სკოლის დირექციამ, პედაგოგთა რაიონულმა პროფკავშირმა და მუნიციპალიტეტის მერიამ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.