„სირცხვილია, სირცხვილი!“ „დავიღუპეთ, აგი რაია?! ესაა თავხედობა!!! ჯვარს მიადგეს მოსაცდელი, ვითომ მეტი ადგილი არ იყო! ჯვარი დამალეს, ფაქტობრივად! სირცხვილია, სირცხვილი!“-ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ჯუნეწრის მოსახლეობის ნაწილის მხრიდან სოფელში მოსაცდელის მშენებლობის დაწყებას.
ადგილობრივები სოციალურ ქსელში მშენებლობის დაწყების ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებენ. საქმე ისაა, რომ სოფლის კრებაზე მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯუნეწერში, სოფლის პროგრამის თანხიდან, სკოლის ავტობუსისთვის, იმ ადგილას, სადაც ჯუნეწერს ზემო ჩიბათი და ჯაველი ესაზღვრება, მოსაცდელი გაკეთებულიყო. თუმცა, ის აზრი, რომ სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის მოსაცდელის გაკეთება, ბევრმა იმთავითვე აბსურდულად მიიჩნია და ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც საჯაროდ დააფიქსირა. მაგრამ საქმე ამის იქეთ აღარ წასულა. სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა და როგორც ირკვევა, მშენებლობაც დაიწყო.
ახლა სწორედ ამ შენებლობის დაწყებით, უფრო ზუსტად, მოსაცდელისთვის შერჩეული ადგილის გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას სოფლის მოსახლეობის ნაწილი.
მათი თქმით, შენობა პირდაპირ სოფელში აღმართულ ჯვარზეა მიდგმული. თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი მოსაცდელის გასაკეთებლად, ამის გასარკვევად „გურია ნიუსი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს დაუკავშირდა.
„თავდაპირველად განსაზღვრული იყო, რომ მოსაცდელი სხვა ადგილას, ახლა სადაც კეთდება იმის სიახლოვეს გაკეთებულიყო, თუმცა, მოსახლეობამ მოითხოვა, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე გაკეთებულიყო. ეს სოფლის პროგრამიდან ხორციელდება და ამიტომ მოსახლეობა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებდით. ცნობისთვის, ეს მოსაცდელი კეთდება შუშისა და პლასტიკატისგან“, _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.