ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 21 თებერვალს გვიან ღამით მომხდარ სისხლიან გარჩევას 50-წლამდე მამაკაცის, ომარ მოქიას სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის შედეგად დაშავდა, ასევე, გია ტუღუშიც, რომელიც მრავლობითი ჭრილობებით, გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობები ღრმა და მძიმე იყო, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
როგორც ირკვევა, ორივე შემთხვევაში სავარაუდო მკვლელმა სანადირო თოფი გამოიყენა. ახალსოფელში მომხდარი ფაქტის ირგვლივ რამდენიმე ვერსია ფიგურირებს, მართალია დაზარალებულთა ახლობლები და ოჯახის წევრები ამ ეტაპისთვის მედიასთან საუბარს ერიდებიან, მაგრამ რამდენიმე ადგილობრივთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა ერთი ვერსია _ დაპირისპირება დაიწყო შემთხვევამდე ერთი დღით ადრე. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, გია ტუღუშის მამის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღის სუფრასთან შელაპარაკება მოხდა სავარაუდო მკვლელსა და დაზარალებულებს შორის.
„სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, გიას ოჯახში მამის ორმოცის სუფრა ჰქონდა. იქ იმყოფებოდა ის პირიც, ვისზეც ეჭვი აქვს მთელს სოფელს. როგორც გავიგეთ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია ოჯახის ერთ-ერთი ახლობლისთვის და ჭიქაც ჩაურტყამს თავში. სწორედ ამ კაცს გამოსარჩლებია ომარი და გია. ბოლოს გიას უთქვამს, მამის ორმოცი მაქვს და ნუ ამირევ სუფრას, წადი აქედანო. ისიც წასულა და იმ დღეს ყველაფერი ამით დასრულებულა“, _ გვიყვებიან ადგილობრივები, რომლებიც სწორედ ამ დღეს მომხდარი ინცინდენტის გამო ეჭვობენ, რომ მკვლელი მათივე თანასოფლელი და ამჟამად დროებით ბათუმში მაცხოვრებელი მ.ს-უა. თუმცა, რეალურად რა და როგორ მოხდა მკვლეობის ღამით, ამის თვითმხილველი არავინაა.
ფაქტია მხოლოდ ის, რომ მკვლელმა ჯერ ოჯახში მარტო მყოფ გია ტუღუშს მიაკითხა და საწოლში მყოფს ორჯერ ესროლა. იქედან კი პირდაპირ გეზი მოქიას სახლიკენ აიღო, სადაც ვიწრო წრეში გაშლილ სუფრასთან გარდაცვლილის ტყუპისცალი ძმა და რამდენიმე მეზობელი იმყოფებოდნენ. როგორც ირკვევა, გასროლა ომარ მოქიას მისამართით მაშინ მოხდა, როცა ის გარეთ გავიდა.
„სვამდნენ თურმე, ომარი გარეთ გამოსულა და იქვე დადარაჯებულ მკვლელს მაშინ გაუსროლია, ასევე, ორჯერ. დეტალურად არავინ არაფერი ვიცით. ამბობენ, ძმისშვილმა ნახა პირველმა მძიმედ დაჭრილი ბიძაო. გადაიყვანეს კიდეც საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შეიძლება იგივე სამწუხარო ხვედრი სწეოდა მარტო მყოფ გიასაც, მარა, მისდა ბედად, მეზობლის ქალმა გაიგო მისი განწირული ხმა და გადარჩა. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა, ეტყობა, გამიზნულად გააკეთა ამ ადამიანმა ყველაფერი. ცუდის თქმა არც ომარზე და არც გიაზე არ შეგვიძლია. რაც შეეხება იმ ადამიანს, ვისთანაც წინა დღით შელაპარაკება მოუვიდათ და ვისზეც ეჭვია სოფელში, ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით. ახალსოფელში ცხოვრობდა, ოჯახი და შვილები ჰყავს, ბოლო დროს ბათუმში იყო“, _ ჰყვებიან „გურია ნიუსთან“ საუბარში ადგილობრივები.
იმის თაობაზე, ჰყავს თუ არა ახალსოფელში მომხდარ სისხლიან გარჩევას ამ დროისთვის კონკრეტული ეჭვმიტანილი, შსს-ში, სადაც სისხლის სამართლის საქმე მომხდარი ფაქტიდან მალევე აღიძრა, კომენტარს არ აკეთებენ.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამის თობაზე ვერაფერს გეტყვით. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს და როგორც კი რაიმე დეტალები გაირკვევა, გავაკეთებთ განმარტებებს“, _ გვითხრეს -შსს პრესამსახურში.