ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით 40 ან 50 წლის ასაკში ვარჯიშს ისეთივე სარგებლის მოტანა შეუძლია, როგორც ახალგაზრდობაში.
აღნიშნული კვლევა დაფუძნებულია ანკეტაზე, რომელიც 90-იან წლებში 50-დან 71 წლამდე ასაკის 300 000-მა ამერიკელმა შეავსო. კითხვარში მათ უნდა აეხსნათ, თუ რა სიხშირით ვარჯიშობდნენ ისინი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, შემდეგ კი მკვლევარებმა აშშ-ს მთავრობის ხელში არსებული ინფორმაცია გამოიყენეს, რათა დაედგინათ, რამდენი ადამიანი დაიღუპა აღნიშნული სიიდან.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც შუა ხნის ასაკში ვარჯიშობდნენ, სიკვდილის უფრო ნაკლები რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, რომლებსაც ცხოვრებაში არ უვარჯიშიათ.
40-დან 61 წლამდე ასაკის ქალებსა და კაცებს, ვარჯიშის დაწყების შემდეგ, მომდევნო წლებში სიკვდილის (ნებისმიერი მიზეზით) შანსი 35 პროცენტით უმცირდებოდათ. მსგავსი შედეგი ჰქონდათ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ვარჯიში პირველად თინეიჯერობის ასაკში დაიწყეს.
მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც შუა ხნის ასაკში ვარჯიში შეწყვიტეს, სიკვდილის ისეთივე რისკი ჰქონდათ, როგორც მათ, ვინც ფიზიკური აქტივობით არასდროს გამოირჩეოდა.