გერმანელმა მეცნიერმა მორიც ვაგნერმა XIX საუკუნის პირველ ნახევარში იმოგზაურა შავისზღვისპირა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. აი, რას წერდა ის: ,,…დიდებული მხარის – გურიის მაცხოვრებლები მთელ კავკასიელ ხალხებს შორის სილამაზით პირველნი არიან”. შემდეგ ის აღწერს თუ როგორ შეხვდა ფოთის ციხის ზემოთ ღარიბი გურული მეთევზის ქალიშვილს. ,,თვით ნიმფა კირკე ,,დიდი, ლამაზი და საყვარელი”, როგორიც ჰომეროსმა დახატა, ვიხილე საღამოს… გურული ნიმფა არ იყო მორთული ,,ვერცხლისფერ სამოსში ოქროთი გაბრწყინებული სარტყელით”, არამედ ფერადი ნაჭრებით დაფარული, რომლებიც მშვენიერ ახალგაზრდულ სხეულს ეკვროდნენ და მხოლოდ სანახევროდ ფარავდნენ. სახე დაუფარავი ჰქონდა. უფრო ნატიფი ხაზები და მშვენიერი ტანი ამ ლამაზ ხალხში იშვიათად მინახავს”. მიუხედავად ამისა, როგორც ვაგნერს უთხრეს, მეთევზე სიღატაკის გამო დიდი სიამოვნებით გაყიდდა ქალიშვილს თურქეთშიო, მაგრამ შვილს მშობლიური მხარე ერჩივნა მდიდრულ ჰარამხანას სტამბულშიო. მეცნიერი ასევე წერს, რომ ,,წინათ მამები ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას ქალიშვილთა მხრივ სამშობლოს სიყვარულს და მათ ნებით, ან ძალით უგდებდნენ ხელთ თურქ მონათმოვაჭრეებს…”
1862 წელს სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოში თავისი ამალით და რუსეთის მოხელეებისა და კაზაკთა რაზმის თანხლებით იმოგზაურა პრუსიის სამეფოს პრინცმა ალბრეხტ ჰოჰენცოლერნმა. 1865 წელს მან
ბერლინში გამოსცა ამ მოგზაურობის აღწერა – ,,კავკასიაში 1862”, რომელშიაც რამდენიმე გვერდი მიძღვნილია მის ყოფნას გურიაში.
აი, ამონარიდი მისი წიგნიდან, რომლის ნაწყვეტები პირველად ცნობილმა ისტორიკოსმა ქველი ჩხატარაიშვილმა გამოაქვეყნა: ,,დიმიტრი გურიელს ახლდა მდიდრულ, ღია ფერების ტანსაცმელში ბრწყინვალედ გამოწყობილი 100-მდე მილიციონერი (მოლაშქრე): მოლაშქრეებს ეცვათ გურული ტანსაცმელი: ჩაქური ხავერდის შარვლები ან გრძელი თეთრი შარვლები, მუხლებამდე ვიწრო პაიჭები, წელსზემოთ ელეღსა და ზუპუნას ზემოდან, ღია წითელი ფერის მოკლე ჩოხა ანუ ჯანიო; წელზე ერტყათ ფართო, ოქროს სირმით მდიდრულად ნაქარგი ტყავის სარტყელი, რომელშიაც გაჩრილი იყო ყამა ან ხანჯალი და დამბაჩა. ფეხზე ეცვათ ფერადი ფეხსაცმელები. ყველას ჰქონდა ჩახმახიანი თოფი. გურულები მოხდენილად და მდიდრულად იყვნენ ჩაცმულნი. თვალს იტაცებდა გურულების სილამაზე: გრძელი, ფაქიზად გამოყვანილი ცხვირი, ფართო სუბლი, პატარა პირი, იშვიათი ელვარების მეტყველი შავი თვალები, მუქი, ესპანური სახის ფერი. ერთი სიტყვით, ამბობს პრუსიელი პრინცი, გურული კავკასიური რასის იდეალური ტიპიაო… გურულები ატარებენ მუქწითელი ფერის შალის ყაბალახებს, რომლებიც თავზე მოხდენილად აქვთ მოხვეული. ყაბალახი კარგად იცავს ცუდ ამინდში და კიდეც უხდებათ. ქერა ან წაბლისფერი თმა კარგად აქვთ მოვლილი. შემდეგ პრინცი აღნიშნავდა: დებულება, რომ შავსა და კასპიის ზღვებს შორის ადამიანთა უმშვენიერესი სახეობა სახლობს, არსად ისე არ დასტურდება, როგორც გურიაში, ოღონდ ეს გურულ მამაკაცებს ეხებაო, – ქალები მხოლოდ მაღალი საზოგადოების მანდილოსნები არიან აქ ლამაზებიო. გურულ მამაკაცზე უმშვენიერსს ვერაფერს ნახავთო და აღწერს მის ტანადობას, ძალოვანებას, კანის ფერს, წვერს, თვალებს, კბილებს, განიერ მკერდს, სწორ თეზოებს, მკლავებს, ჩაცმულობას და შეიარაღებას, რაც ყველაფერი ერთმანეთის შესაფერიაო და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამის მნახველი ევროპელი გაიგებს რა უპირატესობა აქვს კავკასიურ რასას სხვებთან შედარებით.
საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი თედო სახოკია გურიაში მოგზაურობისას წერდა: ,,…აქ იპყრობს ის სილამაზე სახისა, რომელიც გამჩენს მიუმადლებია აქაურ მკვიდრთათვის. ვინც ქალს ლამაზი სქესი დაარქვა, ალბათ, სახეში ალბათ გურული ქალი ჰყავდა. თეთრი ყირმიზი სახე, სურათი ცხვირი, შავ-ხავერდისებური, გამომეტყველი თვალები, რომელშიაც ვნებათაღელვაც იხატება და გულკეთილობაც (აქ იშვიათად შეხვდებით ლამაზს, მაგრამ მაცდურს, მოღალატე თვალებს). მაღალი, კეთილშობილური შუბლი, მშვილდივით გადაჭიმული წარბები, მიჯრით მიწყობილი, ბროლივით კბილები, ყურყუმასავით შავი და გრძელი თმა – აი საზოგადო სახე აქაურის ბანოვანისა. ზიზღის მომგვრელ მახინჯი სახის ქალსა თუ კაცს აქ ვერ შეხვდებით. მერე ყველა ტანადია, მოხდენით მოლაპარაკე… ესეც კია, რომ აქაური სილამაზე მეტად აზიზია, გამძლე არ არის, ჩქარა ,,ხუნდება“, აქაური ქალი 13-14 წლისა უკვე გასათხოვარია, ასაკოვანია. საკმაოა, იგივე ქალი გათხოვდეს და ერთი წლის უკან ნახოთ შვილიანი, ხანდახან ნასახიც არ შერჩებათ იმ თვალისმომჭრელ სილამაზისა, რომელიც ასე უხვად ამშვენებდა და რომელიც მაყურებელსა ჰხიბლავდა.“
1865 წელს გაზეთ ,,კავკაზში” გურიისადმი მიძღვნილ წერილში გურული ქალების გარეგნობამ კორესპონდენტს სამხრეთ იტალიის ქალები გაახსენა. ათი წლის შემდეგ ,,დროება” აღწერდა ნაგომარის ბაზრობას – თურმე როცა იქ გურიის ინტელიგენცია ანუ ოზურგეთის საპატიო საზოგადოება გამოჩნდებოდა, ,,რკინის ბორკილიც რომ მოაბათ, ვერ გარეკთ აქედან გამოპრანჭულ სოფლის ქალებს, რომელნიც ქცევაშიაც და ტანთსაცმელებშიც ძალიან გულს-მოდგინეთ ჰბაძავენ ოზურგეთის განათლებულ ქალებს… რამოდენათაც პარიჟის არისტოკრატკების ტანთ-ცმა და ქცევა მისაბაძავათ აქვთ ევროპის არისტოკრატკებს!..
ჩვენებური სოფლის ქალი ხედავს, რომ ოზურგეთის ,,განათლებული და სწავლული” ქალები ძალიან ფრანტი, მდიდრულად მოდაზე შეკერილი კაბებით ირთვებიან: მაშასადამე ტანსაცმელშიაც განათლება ყოფილაო და ვინც სწავლული და განათლებულია, უთუოდ ფრანტათაც უნდა ეცოსო! ამის მოსაზრე ჩვენებური ქალები მოსდგნენ და იკერავენ რათაც უნდა დაუჯდესთ, ძვირფას კაბებს”. თურმე ოზურგეთთან ერთად მოდის განმსაზღვრელი ხიდისთავიც ყოფილა, რის გამოც გურიაში მას ხუმრობით ,,პატარა პარიზს” ეძახდნენ.