ახალი წლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს დროებითი კონტრაქტები გაუფორმდებათ. იანვარში ყველა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლის საათებზე ვაკანსია გამოცხადდება.
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, თუ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე სკოლაში კომისიის მიერ არჩეული სხვა მასწავლებლობის მსურველი მივა, პრაქტიკოსი პედაგოგი ვეღარ განაგრძობს მუშაობას და ხელშეკრულება შეუჩერდება.
თუ კომისია ვერ შეარჩევს შესაბამის კადრს, პრაქტიკოსი მასწავლებელი გააგრძელებს მუშაობას, იქამდე, სანამ შემცვლელი არ გამოუჩნდება.
„სკოლას შეუძლია პრაქტიკოსი პედაგოგი ჩაანაცვლოს მაძიებლით. მაძიებელი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ერთი პერიოდი მუშაობდა სკოლაში, შემდეგ დატოვა სკოლა, მაგრამ ისევ უნდა მასწავლებლის პროფესიაში შესვლა, ამიტომ არ ნიშნავს, რომ მაძიებელი პრაქტიკოს მასწავლებელზე რაიმეთი ნაკლებია.
არ შეიძლება ხელაღებით თქმა, რომ ყველა მაძიებელი მაინცდამაინც ახალი კურსდამთავრებულია და მას გამოცდილება არ აქვს.
მაძიებელი შეიძლება იყოს მასწავლებელი, რომელიც რამდენიმე ათეული წელი ასწავლიდა სკოლაში და სისტემაში არის როგორც უსტატუსო მასწავლებელი“, _ აცხადებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, მაძიებელია პირი, რომელსაც სურს მასწავლებლის პროფესიაში შესვლა. მაძიებელი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის დიპლომი (ნებისმიერი მიმართულებით) და ასევე დადასტურებული აქვს იმ საგნის კომპეტენცია, რომლის სწავლებაც სურს სკოლაში. ასევე პირი, რომელსაც დიპლომი ანიჭებს მასწავლებლის კვალიფიკაციას. მაძიებლებად ითვლებიან ასევე ის მასწავლებლობის მსურველებიც, რომლებსაც გავლილი აქვთ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, მაგრამ ჯერ არ არიან სკლაში დასაქმებულები.
გარდა ამისა, მაძიებლად ითვლება პედაგოგი, რომელსაც აქვს სკოლაში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ არ არის სქემაში ჩართული.