სომხეთში ახალი სკანდალია. ახლა, მედიაპუბლიკაციებისა და სოციალური ქსელების მთავარი გმირი სომხეთში გაეროს ბავშვთა ფონდის ბიუროს ხელმძღვანელი, მერიენ კლარკ-ჰატინგია. სომხეთში UNICEF-ის წარმომადგენელს უფლებამოსილება შეუჩერეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ის პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა. მან უკვე დატოვა სომხეთი.
საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხური მხარის გადაწყვეტილება მერიენ კლარკ-ჰატინგის მანდატის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მუშაობის მეთოდებს დაუკავშირეს, რომელიც ხელს არ უწყობდა თანამშრომლობას.
თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებებს წინ უძღოდა სომხურ Telegram-არხებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომლებიც, თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით, წერდნენ, რომ სომხეთის ხელისუფლებას გაეროს თანამშრომელი აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად მიაჩნდა.
საქმე უკვე მივიდა სომხეთის გენერალურ პროკურატურამდე, სადაც ახლა იმ პუბლიკაციებს სწავლობენ, რომლებშიც საუბარია სომხეთში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ჯაშუშობაზე.
სკანდალის დეტალები
8 მარტის საღამოს, Telegram-არხ Mediaport-ზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, სომ UNICEF-ის სომხეთის ბიუროს ხელმძღვანელი, მერიენ კლარკ-ჰატინგი დაკავებული იყო ჯაშუშობით აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ, რის გამოც სომხეთის ხელისუფლებამ ის პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა.
„კლარკ-ჰატინგი უკვე ალაგებს ბარგს, სომხეთის ხელისუფლებას კი ამ ფაქტის საზოგადოებისგან დამალვა სურს“, – განაცხადა არხის ავტორმა.
შემდეგ, სომხურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიენ კლარკ-ჰატინგმა სასწრაფოდ დატოვა სომხეთი. თანაც, ასეთი სისწრაფე თითქოს განპირობებული იყო შეცდომებით, რომლებიც კლარკ-ჰატინგმა თავისი მისიის შესრულების დროს დაუშვა. თუმცა, არ ამბობენ, კონკრეტულად რა შეცდომებსა და ხარვეზებზეა საუბარი.
უკვე 9 მარტს, საქმეში გენერალური პროკურატურა ჩაერთო. უწყების პრესმდივანმა არევიკ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ პროკურატურა არ ფლობს მონაცემებს იმის შესახებ, რომ მერიენ კლარკ-ჰატინგი დაკავებული იყო აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობით, თუმცა, პუბლიკაციებს სწავლობენ:
„აღნიშნულ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიება არ მიმდინარეობს. თუკი პუბლიკაციის ავტორები კონკრეტულ ცნობებს ფლობენ, ისინი ვალდებული არიან, ისინი სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინონ“.
მერიენ კლარკ-ჰატინგმა სომხეთში მუშაობა სულ რაღაც 8 თვის წინ – 2020 წლის ივლისში დაიწყო. მანამდე ის მალაიზიაში მუშაობდა.
UNICEF-ის ხელმძღვანელის კოლეგებმა ყველაფრის შესახებ პრესიდან შეიტყვეს
„ჩვენ ამის შესახებ ყველაფერი პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან შევიტყვეთ“, – განაცხადა სომხეთში UNICEF-ის ბიუროს კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ზარა სარგსიანმა.
აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის შესახებ გავრცელებული ხმების კომენტირებისას, მან განაცხადა:
„დღეისათვის, ჩვენ ყველა უნდა დავეყრდნოთ იმას, რაც გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც მე ამ სიტყვას ვერ ვხედავ“.
ზარა სარგსიანმა ვერ შეძლო მკაფიო პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ კონკრეტულად მუშაობაში გამოვლენილ რა ნაკლოვანებებზეა საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და განმარტებებისთვის, თავად უწყებისთვის მიმართვა შემოგვთავაზა.
წყარო: jam-news.net