ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ ურეკის წყალმომარაგების და წყალარიდების პროექტი, როგორც ცნობილია, 73 მილიონი ლარი დაჯდა.
აქ წყალს სოფელ მერიაში, „ციხის ჭაბურღილებიდან“ იღებენ, სადაც მოწყობილია 150 კბ. მეტრი მოცულობის რეზერვუარი. აქედან კი, წყალი 710 მმ-იანი პლასტმასის მილებით, 19 კმ -იანი მანძილს გავლის შემდეგ, წვერმაღალას წყალსაქაჩში ორ რეზერვუარს ავსებს. ძირითადი რეზერვუარი 5400 კბ. მეტრი მოცულობისაა, სარეზერვო კი _ 1500 კბ მეტრი მოცულობის.
ბოლო დროს, აქტიურდება თემა, აღნიშნულ რეზერვუარში წყლის დებეტის კლების გამო, რადგან იქვე, სამიოდე კილომეტრში მდინარე ნატანების კალაპოტში, სოფლების ლაითურის და მერიის მიმდებარე მონაკვეთებზე, ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშე ხდება ინერტული მასალების მოპოვება.
_ მალე აქ, შეიძლება, ისე წავიდეს საქმე, რომ ურეკს წყლის დეფიციტი კვლავ გაუჩნდეს. ახლომდებარე კარიერეზე, სადაც სრული განუკითხაობაა და მდინარე ნატანების კალაპოტში ინერტული მასალების მოპოვებისას, სტანდარტის სრული იგნორირება ხდება, განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას და კორონავირუსის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, საომარი მდგომარეობაა, აქ გაათმაგებული ძალისხმევით მუშაობენ და წყალსადენს ვინ ეძებს, ცდილობენ რაც შეიძლება მეტის გაზიდვა მოასწრონ და თუ გინდა, მდინარე ნატანები, სულაც მიწაში ჩაკარგულა. ბიძინა ივანიშვილმა, ეტყობა, არ იცის კარგად აქ არსებული ვითარება. სხვა რომ არაფერი, სასტუმრო „პარაგრაფს“ წყალი აქედან მიეწოდება. წიაღის ეროვნული სააგენტო მფარველობს ყველა ლიცენზიანტს, რომლებიც არანაირ სტანდარტს არ იცავენ _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ საუბარში სხვადასხვა სოციალური ფენისა თუ სამსახურებრივი მდგომარეობის წარმომადგენლები.
თავის მხრივ სოფელ მერიაში, მდინარე ნატანების კარიერებზე მომუშავენი ამტკიცებენ, რომ აქ მათ სწორედ წყალსადენის მშენებლობის დაწყების გამო მისცეს ადგილმონაცვლე ტერიტორია, თორემ ადრე იმ ადგილზე მუშაობდნენ, სადაც ახლა ჭაბურღილები დგას. ხოლო მდინარე ნატანების კალაპოტის აოხრებულ კალაპოტს, ჩვეულებრივ სამუშაო მდგომარეობით გამოწვეულ სურათს უწოდებენ.
_რას ერჩით მაგ ხალხს? მანდ გადაიყვანეს, როცა აქ წყალსადენის მშენებლობა დაიწყო. ჩვენ მარტო იქედან არ ვყიდულობთ ინერტულ მასალას. ყველა კარიერისგან ვიძენთ და აქ ხდება ქვის სამტვრევში დამუშავება. ძირითადად, ბეტონის ქარხანაა ჩვენი საწარმო, თუმცა ვიცით , რომ კარიერი იქ ადგილმონაცვლედ გადავიდა, – თქვეს „გურია ნიუსთან“ სოფელ მერიის და ლაითურის საზღვარზე მომუშავე, შპს „გურიამშენის“ წარმომადგენლებმა.
ფლობენ თუ არა ასეთ ინფორმაციას, ან თუნდაც არსებობს თუ არა ასეთი საფრთხე, ამის თაობაზე „გურია ნიუსი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხემძღვანელს, დათო ცერცვაძეს დაუკავშირდა. მან კი კომპანიის პრეს სამსახურთან გადაგვამისამართა.
_წყლის დებეტის კლება, ზოგადად, საქართველოში იყო კლიმატური პირობების გამოც. არ იყო თოვლი. არა მარტო გურიაში, სხვა რეგიონებშიც შეიმჩნეოდა კლება. მაგალითად, ასე იყო გუდაურსა და ბაკურიანში წელს. ეს პირველი პრეცედენტი არ არის. თუმცა, კონკრეტულად ურეკის შესახებ, ასეთი რამ არ ვიცი. მე აუცილებლად გადავამოწმებ ინფორმაციას, ყველაფერს გავიგებ და მე თვითონ გაცნობებთ, – გვიტხრა წყლმომარაგების კომპანიის პრესსამსახურიდან ლელა კიკალეიშვილმა.
ვრცლად ამის შესახებ, მალე საგაზეთო სტატიაში გიამბობთ.