ერკეთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 360 მეტრზე მდებარეობს.
ერკეთში ადამიანის ცხოვრების კვალი წინაკლასობრივი ეპოქიდან დასტურდება. შემდგომ პერიოდში ცალკე “ქვეყნის” ცენტრად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით შევიდა გურიის საერისთავოში, ხოლო გვიანდელ შუა საუკუნეებში აღმოსავლეთ გურიის ერისთავთა (შერვაშიძეთა) სამფლობელო გახდა.
ოსმალთა მოძალების დროს (XV–XVI სს.) ზემო ე-ში დასახლდნენ სამხრეთ საქართველოდან გადმოსული ლტოლვილები.
XIX ს-ში რუსეთის მმართველობის შემოღებიდან სოფელი ჩოხატაურის საპოლიციო უბანს მიეკუთვნა.
XIX საუკუნის 70-იან წლებში ერკეთი აერთიანებდა ბუკისციხეს, ზოტს, იანეულს, ნაბეღლავს, თანჭიქედს, საყვავისტყეს, ქვაბლიას, ხევს, ჩხაკოურას _ სულ 645 კომლი მოსახლეობით.
XIX საუკუნის 70-იან წლების დასასრულს ერკეთში დაარსდა სამრევლო სკოლა, ხოლო 1891 წელს ორკლასიანი სამონასტრო სკოლა.
სოფელში მდებარეობს IX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია. ეკლესიაში შემორჩენილია IX საუკუნის კარი და ფრესკები.
სოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები. გადმოცემის თანახმად ციხე ზარზმიდან გადმოსულმა სამმა ძმამ ააშენა.
ჩანაწერების მიხედვით, ძმებმა სოფელ ხევში დაამზადეს ასაშენებელი ქვები _ 4 კილომეტრზე ხალხი იყო გადაჭიმული და ერთმანეთს ხელიდან ხელში აძლევდნენ ქვას.
სამუშაოების დროს, ბევრი დაღუპულა _ პირველად ქვის პირველი ამღები მომკვდარა.
ერთი ძმა დაბრუნდა ზარზმას, ზოგი ამბობდა ქობულეთში წავიდაო; მეორე _ ხევში დასახლებულა. ხოლო მესამე, სახელად დავითი ერკეთში, მგალობლად დარჩენილა და სწორედ მისი შთამომავლების (მგალობლიშვილების) ეზოშია ამჟამად ციხის ნანგრევები.
გადმოცემით, თამარ მეფე, შესაძლოა, ამ ციხეში იყოს დამარხული, თუმცა, ციხეზე არქეოლოგიური გათხრები არასდროს ჩატარებულა.
უფრო მეტიც, დღეს ეს ადგილი ეკალ-ბარდით არის დაფარული და მოუვლელია.