მაღალი ეწერი, ჟანაურა, შუა ისნარი _ ეს სოფლები ნაგომრის თემს ეკუთვნის, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შედის.
ნაგომარი მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 70 მეტრზე, ოზურგეთიდან 16 კილომეტრის დაშორებით.
ნაგომარში არის ოქრას, რკინის ჟანგისა და თიხის ნაერთების საბადო.
ვიკიპედიას მასალებში ვკიტხულობთ, რომ ნაგომრის ტერიტორია ოდითგანვე დასახლებული იყო.
1963 წლის აგვისტოში ნაგომრის სამხრეთით ე.წ. რწყავის შტოში გურიანთის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის რაზმმა (ნ. ბერძენიშვილი) აღმოაჩინა მეზოლით-ნეოლითის ხანის კაჟის იარაღები (ნუკლეუსები, ლამელები და ა.შ.)
ნაგომარი წარმოადგენდა გურიელების ზამთრის რეზიდენციასა და სამოურავოს, რომლის მოურავებიც გუგუნავები იყვნენ. ნაგომრის სამოურავოში, 181 წლისთვის, შედიოდა 64 სოფელი, მათ შორის ამაღლება, ჯუმათი, ვაკიჯვარი და სხვ.
ნაგომრის მოსახლეობა ამ დროისთვის შეადგენდა 12 კომლს (72 სული), ხოლო ნაგომრის სამოურავოში ცხოვრობდა 3073 კომლი (18282 სული).
სოფელში ტრადიციულად, 28 აგვისტოს მარიამობას იმართებოდა დღესასწაული და დიდი ბაზრობა. ბაზრობა ნაგომარში მამია V გურიელმა დააწესა. ნაგომრის ბაზრობა ერთ-ერთი იყო ჯუმათისა და საჯავახოს ბაზრობებთან ერთად, მაგრამ შემოსავლით აღემატებოდა მათ.
ნაგომარი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო XIX საუკუნის შუაშიც, როცა გუგუნავებმა, მაჭუტაძეებმა და ერისთავებმა აქ რამდენიმე დუქანი ააგეს. ნაგომრის ბაზრობა XIX საუკუნის 90-იან წლებში 15 ივლისს იმართებოდა და ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ნაგომრის დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი ცენტრალური მდებარეობდა გურიაში, თუმცა მის უარყოფით მხარეს ჭაობიანი ნიადაგი წარმოადგენდა.
სოფელში ცხოვრობდა ქართველი პოეტი სიმონ გუგუნავა. აქ იდგა მისი „პოეზიის სასახლე“, რომელიც დაიწვა 1906 წლის თებერვალში გურიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ. ნაგომარშივე იდგა გაბრიელ ეპისკოპოსის საზამთრო რეზიდენცია.