ჩოხატაურში, სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რომელიც ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. მაშინ ტენდერი შპს “რეალშენმა” მოიგო, რომელმაც ვერ შეასრულა ვალდებულებები და 2013 წელს მიატოვა მშენებლობა.
ამის შემდეგ, სააგენტომ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომელმაც შპს “რეალშენს” სანქცია-ჯარიმები დააკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუმცა, ამ დავის დასრულებას წლები დასჭირდა და ნახევრად აშენებული მშენებლობაც დაზიანდა.
2016 წელს, სააგენტომ ამ ნახევრად აშენებული შენობის ექსპერტიზა ჩაატარა, რომელმაც დაადგინა, რომ კარკასის ადგილზე შესაძლებელი იყო მშენებლობის განახლება და 2016 წელს ახალი ტენდერიც გამოცხადდა, რომელიც შპს “ჯორჯიან კომპანიმ” 89 999 ლარად მოიგო.
მშენებლობა 2017 წელს დასრულდა და შენობაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩაბარდა, თუმცა, დღეს უკვე ჩამოვარდნილია ჭერი, დაზიანებულია იატაკი, კედლებს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ოთახებში წყალი ჩამოდის, რის გამოც, იქ მისულებს, თავისუფლად შეიძლება თავში ჭერი დაგეცეთ. საფრთხისგან დაზღვეული არც თანამშრომლები არიან _ მათ სამუშაო მაგიდებზე ჭერის ფრაგმენტები ხშირად ცვივა. გარდა ამისა, პრობლემურია ფანჯრები _ იმის გამო, რომ ფანჯრის გასაღები სახელური ლამის ჭერშია გაკეთებული და მათი გაღება სირთულეს წარმოადგენს, შენობაში მძიმე სუნი დგას:
_ სპეციალური კაუჭი გავაკეთებინეთ და ძალიან რომ გვიჭირს, მაშინ მისი დახმარებით ვაღებთ, _ ამბობენ სააგენტოს თანამშრომლები, რომლებისთვისაც გაუგებარია, რატომ იშლება 2 წლის წინ ჩაბარებული შენობა.
თუმცა, ასე არ ფიქრობს სააგენტოს ხელმძღვანელი _ ზურაბ კალანდაძის თქმით, შენობის მთავარი პრობლემა სინესტეა:
_ შენობაში წყალი ერთხელ ჩამოვიდა. ახალგახსნილი იყო მაშინ. შევატყობინეთ მშენებლებს და ხარვეზი მალე გამოასწორეს, _ გვითხრა კალანდაძემ და აღნიშნა, “შენობას ბრტყელი დახურვა აქვს, რაც დასავლეთ საქართველოში არაა გამართლებული”.
იგი ამ პრობლემას დროში გაწელილ მშენებლობასაც უკავშირებს:
“ამ შენობის აშენება 2012 წელს დაიწყო. შემდეგ მშენებელმა ვალდებულებები არ შეასრულა და წლების განმავლობაში დაკონსერვებული იყო. მართალია, მოგვიანებით ექსპერტიზა ჩატარდა, რომელმაც დაასკვნა, რომ მშენებლობის გაგრძელება შეიძლებოდა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამანაც განაპირობა შენობაში წყლის ჩამოსვლა”, _ ამბობს კალანდაძე და ამტკიცებს, რომ ახლა შენობაში წყალი არ ჩამოდის.
_ ბატონო ზურაბ, ყველა კედელს ეტყობა, რომ წყალი ჩამოდის. ჭერი ყველგან დაზიანებულია…
_ ახლა მართლა აღარ ჩამოდის. რაც შეეხება კედლებიდან ჩამოცვენილ საღებავს, ის ნესტის ბრალია…
_ უკანა შესასვლელში რომ მთლიანად ჩამოვარდნილია ჭერი, სამუშაო ოთახებში რომ ბათქაში ცვივა, ეს მხოლოდ ნესტის ბრალია?
_ კი. ხომ იცით, როგორი ნესტია ჩვენთან.
_ ბატონო ზურაბ, ჩვენ სხვა ობიექტებიც გვინახავს, მაგრამ 2 წელიწადში ასეთი სავალალო მდგომარეობა სადმე დაგვხვედროდეს, ნამდვილად არ მახსენდება…
_ არაფერი არ არის ცუდად.
_ რაა კარგად? არასწორი იატაკი, ჩამოშლილი კედლები, ფანჯრები, რომელიც არ იღება?
_ ფანჯრები კი იღება, უბრალოდ, რთული გასაღებია.
_ ფანჯრის გასაღებად ლამის ჭერს რომ უნდა მიწვდეს ადამიანი? ამაში პრობლემას ვერ ხედავთ?
_ უბრალოდ, მაღალი ადამიანი სჭირდება.
_ ასე არ ფიქრობენ თქვენი თანამშრომლები, რომლებიც, ისევე, როგორც აქ შემოსული ადამიანები, საფრთხის ქვეშ არიან…
_ არაფერია აქ საფრთხის შემცვლელი. რაც იყო გასაკეთებელი, ის გაკეთდა. წყალი არ ჩამოდის.
_ კედლები რომ დაზიანდა თუნდაც ერთხელ ჩამოსული წყლის გამო, მშენებელ კომპანიას არ მიმართეთ ხარვეზის გამოსასწორებლად?
_ ერთხელ მივმართეთ და გააკეთეს სახურავი _ თავიდან დაასხეს ბეტონი. შემდეგ საგარანტიო ვადა დაუმთავრდათ, როგორც მახსოვს, ერთი წელი ჰქონდათ ვალდებულება, ხარვეზები გამოესწორებინათ, _ გვითხრა კალანდაძემ.
თუმცა, ხელშეკრულებაში, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს “ჯორჯიან კომპანისთან” 2016 წლის 28 დეკემბერს აქვს გაფორმებული, გარკვევით წერია, რომ “შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დინება იწყება შესყიდვის ობიექტის “მიღება-ჩაბარების” აქტის გაფორმებიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით”.
როგორც გავარკვიეთ, შენობის ნგრევა, რომელიც დღესაც გრძელდება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 თვეში დაიწყო, თუმცა, კომპანიისთვის, რომელმაც ამ სამუშაოში თითქმის 100 000 ლარი მიიღო გადამხდელთა ჯიბიდან, პასუხი არავის მოუთხოვია.
კომპანიის ხელმძღვანელი ვალერიან კაკურია ამბობს, რომ პრობლემა პროექტშია და შენობა სადაცაა, დაინგრევა:
“რა ხარვეზზე მესაუბრებით?! პროექტი ნახეთ _ სახურავი არ აქვს მაგ შენობას. სად გინახავთ დასავლეთ საქართველოში დასხმული სახურავი?!” _ ამბობს კაკურია.
_ ბატონო ვალერიან, თუ პროექტი არ ვარგოდა, რატომ დაიწყეთ მშენებლობა?
_ მე მივმართეთ პროექტის ავტორსაც, სააგენტოსაც, მაგრამ გვითხრეს, რომ ასეთი პროექტი იყო და გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმე. ისე, სახურავს რომ შეხედეთ, სარდაფშიც შეიხედეთ, რა მდგომარეობაა. თუ კარგად ნახავთ, იმის ძებნას კი არ დაიწყებთ, სახურავი ვინ და როგორ გააკეთა, იმ ადამიანს მოძებნით, ვინც პროექტი გააკეთა. ეგ შენობა, სადაცაა, დაიშლება _ გუბე დგება ზემოთ”, _ ამბობს კაკურია.