80 წლის ლამარა წილოსანი, ხუთი წელია, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთში პატარა, ნახევრად დანგრეულ სახლს აფარებს თავს.
მარტოხელა მოხუცს სოციალური დახმარება სამი წლის წინ დაენიშნა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, წელს, თებერვლიდან მოუხსნეს:
“მთელი ჩემი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარება იყო. მარტოხელა ქალი ვარ, ძროხა მე არ მყავს და სხვა საქონელი _ მარტო ერთი ქათამი დადის ჩემს ეზოში, აგია მთელი ჩემი სიმდიდრე. კიდევ ერთი ბლის ხე დგას და ეზოს ბოლოში პატარა ბოსტანი მაქვს, რომელსაც ზაფხულობით ვამუშავებ, მაგრამ იმდენ მოსავალს ვერ ვიღებ, რომ მთელი წელი მეყოს. არც ბალი იძლევა ყოველთვის ნაყოფს.
როცა სოციალური დახმარება დამენიშნა, მეზობლები ამბობდნენ, თუ ვინმეს ეკუთვნის დახმარება, ლამარას ეკუთვნისო. წელს იანვარში ავიღე მხოლოდ. მერე სოცაგენტი მოვიდა და მითხრა, რომ ქულების გადამოწმება უნდა მომხდარიყო. 10 მარტისთვის დამიბარეს სოცსააგენტოში _ მოდი და გეტყვით, გაგიგრძელდება დახმარება თუ არაო. მივედი და გავარკვიე, რომ, თურმე, დახმარება აღარ მეკუთვნის. ასე რომ, თებერვლიდან აღარ მიმიღია შემწეობა. არადა, ჩემთვის ის 60 ლარი 60 ათასის ტოლფასი იყო”, _ ამბობს ლამარა წილოსანი, რომელიც რეალობის უკეთ აღსაქმელად ეზოსა და სახლს გვათვალიერებინებს.
სახლის აივანი, სადაც 80 წლის ლამარა წილოსანი მარტო ცხოვრობს, ჩამონგრეულია. ეზოში, რომელსაც ღობე თითქმის აღარ აქვს, დიდი მოცულობის წყლის ავზი დგას, სადაც მოხუცი სარეცხისთვის წვიმის წყალს აგროვებს:
“ჭა არ მაქვს და სასმელ წყალს მეზობლებისგან ვეზიდები. სარეცხისთვისაც ხომ მჭირდება, ამიტომ წვიმის წყალს ამაში ვაგროვებ, ამ ხნის ქალს მეტი შეძლება არ მაქვს. ღობის შეღობვა მე არ შემიძლია და რა ვქნა, იყოს ასე,” _ გვიყვება და ოთახში მიგვიძღვება, რომლის ფანჯარა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ცივ ამინდებში სითბოს შენარჩუნება ნამდვილად გაუჭირდება. ოთახში საწოლი, ღუმელი, ტელევიზორი და მაცივარი დგას. როგორც ქალბატონი ლამარა ამბობს, ტელევიზორი და მაცივარი ახლობლებმა აჩუქეს.
“შეშას ეკონომიურად ვხმარობ _ შეჩვეული ვარ ასეთ ყოფას და ვუძლებ. საკმაოდ მოხუცი ვარ და სიარული მიჭირს, თვალიც მტკივა. ნათესავებმა თბილისში წამიყვანეს ექიმთან, მითხრეს, საოპერაციოაო. აბა, საშუალება არ მაქვს და როგორ გავიკეთო ოპერაცია?! თვალის წვეთები გამომიწერეს, 18 ლარი ღირს, თვეში ერთი ცალი არ მყოფნის. არადა, თუ არ ჩავიწვეთე, ტკივილი მაწუხებს. სიძვირის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ საჭირო წამლების ყიდვას. იმ სამოც ლარს და პენსიას ვანაწილებდი თვიდან თვემდე და ასე გამქონდა თავი, შუქის ფულსაც ვიხდიდი. გაზი მე არ მაქვს და როცა კარგი ამინდია, საჭმელს გარეთ ვაკეთებ ცეცხლზე, სიცივეში კი ოთახში, ღუმელზე,” _ თავის გულისტკივილს გვანდობს მოხუცი და კიდევ ერთ ოთახს გვაჩვენებს, რომელსაც სტუმრების მისაღებად იყენებს. თუმცა, იქ იატაკი ისე ირყევა, ფეხის გადადგმაც ჭირს.
“ასე ქანაობს სულ. ყველას ეშინია აქ შემოსვლა. რასაც ხედავთ, სულ ესაა მთელი ჩემი ქონება. სხვას ბევრად მეტი აქვს და სოციალურ დახმარებასაც იღებს, მე კი არაფერი გამაჩნია და არც გინდაო, გადაწყვიტეს. ასე მიწევს ცხოვრება, მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად. ყველას უჭირს დღეს და მე როდემდე დამეხმარებიან?!” _ კითხულობს მოხუცი.
როგორც ირკვევა, მოხუც ქალბატონს ორი შვილი ჰყავს, თუმცა, ისინი მასთან არ ცხოვრობენ _ ერთი წლებია მოსკოვშია და მის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ცოცხალია. მეორე კი ბავშვობიდან ავადმყოფობს და მასთან არ ცხოვრობს.
“სოფლის ხელმძღვანელთან, გოჩა ცინცაძესთან ვიყავი მისული. ძალიან თბილად მესაუბრა და ცოტა იმედი მომეცა, იქნებ, სხვებმაც მიიტანონ ჩემი გასაჭირი გულთან. არჩევნების დროს სულ “ოცნებას” ვუჭერდი მხარს. ურუშაძე რომ აირჩიეს გამგებლად, მაშინაც ხმა მივეცი. წილოსანი რომ აპირებდა დეპუტატობას, აბა, ჩემი გვარისას როგორ არ შემოვხაზავდი?! განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ, მოვიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ, სად და როგორ პირობებში ვცხოვრობ და მერე გადაწყვიტონ, მეკუთვნის თუ არა დახმარება!” _ ამბობს სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი 80 წლის მარტოხელა ქალბატონი.
რა გახდა ლამარა წილოსანისთვის სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი, ამის გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურს დავუკავშირდით:
“ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის გამო, ყველა ბენეფიციარის გადამოწმება ხდება ეტაპობრივად. გარდა ამისა, ლამარა წილოსანს სოციალური შემწეობა 2013 წელს დაენიშნა და მას გეგმიურადაც უწევდა შემოწმება. მისი გადამოწმება თებერვალში მოხდა და მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობით, მისთვის მინიჭებული ქულა დადგენილ ზედა ზღვარს მცირედით აცილდა.
მაგალითად, მას დაფიქსირებული აქვს, რომ ჰყავს სამი შვილი, რომლებიც მართალია, მასთან ერთად არ ცხოვრობენ და ქალბატონი სახლში მარტოა, თუმცა, რეალურად მის მარჩენალად ითვლებიან. გარდა ამისა, იგი, ჩვეულებრივ, ასაკით პენსიას იღებს და რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემაც არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, დაფიქსირებული არ აქვს მსგავსი რამ. კიდევ არაერთი ფაქტორი, რომელთა ერთობლიობითაც მოხდა ქულის მინიჭება, რომელიც მცირედით, მაგრამ ზედა ზღვარს აღემატება”, _ ამბობს სოციალური სააგენტოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ტატა გამყრელიძე.
მისივე თქმით, ლამარა წილოსანის გადამოწმება 2006-სა და 2009 წლებშიც მოხდა, მაშინაც მაღალი ქულები მიიღო და სოციალური შემწეობა არ დაენიშნა.