საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 360 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცონტიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ ქუთაისსა და ხონში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლები მოინახულეს.
სოზარ სუბარის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, სახლს კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
ყურაშვილების 4-სულიან ოჯახს სამინისტრომ სახლი 2000კვ.მ მიწის ნაკვეთით ხონში შეუძინა. ფიქრია ყურაშვილის თქმით, სახლი საკუთარი სურვილით შეარჩიეს და ახლა მის გარემონტებას გეგმავენ. ქალბატონი ფიქრიას მეუღლე ჯარისკაცია და ავღანეთში მსახურობს.
2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა.
(R)