ამ საოცრებას “სპილოს კლდე” ეწოდება და ისლანდიის სამხრეთით მდებარე ჰეიმაეის კუნძულის სანაპიროდან ცოტა მოშორებით, ატლანტიკის ოკეანეშია ხორთუმ-ჩაყოფილი. თვით კუნძული 13, 4 კვ.კმ–ის ფართისაა, 4 500 კაციანი მოსახლეობით და თავისი ორი, პატარა და სევდიანი ისტორიაც აქვს…
1627 წელს თურქთა კონტროლქვეშ მყოფ ბერბერთა სამი მეკობრული ხომალდი დასხმია ისლანდიის სამხრეთ სანაპიროებსა და მიმდებარე კუნძულებს, მათ შორის გრინდავიკსა და ჰეიმაეის. გრინდავიკის მოსახლეობას ვულკან რეიკიანესის ლავის ქვაბულში შეუფარებია თავი, ჰეიმაეის კი, იზოლირებულობის გამო, დიდი ზარალი განუცდია.
ბევრი საგმირო ამბავი გადაეცემა თაობებიდან თაობებში მას შემდეგ, მაგრამ ყველაზე რომანტიული ქერა ლამაზმან გუდრიდურ სიმონადოტირისაა, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “თურქი–გუდა”, რომელიც ოთომან მეკობრეეებს საკუთარი სახლიდან, სტაკაგერტიდან აუყვანიათ ტყვედ, ალჟირში გაუყიდიათ მონათა ბაზარზე და რაღაც მანქანებით, რამდენიმე ხნის შემდეგ, ტუნისის, იტალიის, დანიის (მაშინ მის სამეფოს ეკუთვნოდა ისლანდია) გამოვლით და სამშობლოს ძახილით უკან დაბრუნებულა და არამარტო დაბრუნებულა, პოეტ ხალგრიმურ პეტურსონსაც კი გაჰყოლია ცოლად, რომელიც სამშობლოში ცნობადი სახე ბრძანებულა და ამჟამად მისი სახელი ერთ–ერთ ლუთერანულ ეკლესიასაც კი აქვს მინიჭებული ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში.
მეორე ისტორია კი უკვე არა ადამიანური, არამედ ბუნების სტიქიის შედეგია და 1973 წელს კუნძულის ჩრდილოეთით ახლადწარმოქმნილი ვულკანის (წმინდა სკანდინავიური სახელით) – ელდფელის ამოფრქვევას ეხება, რის გამოც კუნძულელთა იძულებით ევაკუაციას ჰქონია ადგილი ისლანდიის ხელისუფლების მიერ, ხოლო თვით კუნძულ ჰეიმაეის მეტი ნაწილი და თანამოსახელე ქალაქის საცხოვრებელი სახლები მრავალმეტრიანი შავი ფერფლით დაფარულა, რის გამოც მისთვის “ჩრდილოეთის პომპეიც” კი შეურქმევიათ მეორენაირად.
მაგრამ, ჭეშმარიტი საოცრება ეს დაუვიწყარი კლდის ნაგლეჯია, ბუნებრივი და არაბუნებრივი თანაც.