სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაიმართება.
29 სექტემბერს, პარიზში დანიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შერჩევის კომიტეტის სხდომა, რომელზეც საქართველოდან წარდგენილ სამ კანდიდატს გაესაუბრებიან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დარწმუნებულია, რომ სია იქნება მიღებული და კანდიდატთაგან ერთ-ერთი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე გახდება. ბარამიძე არ ასახელებს, რომელ კანდიდატს აქვს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოსტზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია არიან წარდგენილნი.