ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში ინციდენტი მოხდა. გამგებლის წარმომადგენლის გოჩა შარაშენიძისა და ამავე სოფელში მცხოვრებ ავთო გონგლაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
დაპირისპირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბახვი-ასკანის 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობისას მოსახლეობის მოთხოვნამ გამოიწვია. ადგილობრივების ნაწილი საკუთარ ეზოებთან მილ-ხიდების მოწყობას ითხოვდა, რაც მათივე თქმით, პროექტით იყო გათვალისწინებული.
სოფელ ბახვში მომხდარი ინციდეტის მიზეზიც, სწორედ ეს იყო; აქ მცხოვრები ავთო გონგლაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარ ეზოსთან სანიაღვრე არხის მოწყობას სთხოვდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ამის გამო გონგლაძესა და სოფლის გამგებელს შორის სიტყვეირ დაპირისპირებას ადგილი ხშირად ჰქონდა, რაც ბოლოს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, რამდენჯერმე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც გამოიძახეს. ოზურგეთის პოლიციაში კი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
“გურია ნიუსთან“ საუბრისას ბახვში მცხოვრები ავთო გონგლაძე ამბობს, რომ მას სოფლის გამგებელმა გოჩა შარაშენიძემ ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა, იმის გამო, რომ გამგებელს „მატყუარა“ უწოდა.
“ჩავიტარე უკვე ლევან სამახარაულის ბიუროში ექსპერტიზაც, სადაც დადგინდება რამდენად მძიმე დაზიანება მივიღე. მომივიდა სიტყვიერი შელაპარაკება გამგებელთან, ვთხოვდი, რომ გაეკეთებინათ ეს სანიაღვრე არხი, ჯერ დამპირდნენ და მერე მომატყუეს, არ გამიკეთეს. ეს პროექტით იყო განსაზღვრული, ზედმეტს არ ვითხოვდი; ახლა ძალადობენ, შეეშინდათ, მოვიდნენ გუშინაც და დღესაც, მოიყვანეს მუშები და დაიწყეს ჩემი ღობის გახსნა, გამოვიძახე პატრულიც, საქმე პოლიციაშია“, _ამბობს გონგლაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გოჩა აბაშმაძის თქმით, ავთო გონგლაძე რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით გამგებელეს უწმაწური სიტყვებთ მოიხსენიებდა, რამაც საჯარო მოხელის აგრესია გამოიწვია:
“მაგი ეკუთვნის ჩვენს ხელმძღვანელს? ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული; ისეთი სიტყვებს გაიძახოდა, მე ვერ გავიმეორებ, არაფერი არ მომხდარა, გოჩამ ხელი ჰკრა უბრალოდ, ის წაიბორძიკა და წაიქცა.
იყო 500 მილიმეტრიანი მილი გადასაყვანი მის ეზოსთან, სადაც ნიაღვარი გადავიდოდა მისი ეზოდან, ამას ითხოვდა; უკეთებენ და მაინც უკმაყოფილოა, არაფერი საგანგაშო და საპრომლემო არ ყოფილა მაქ, კომპანიამ დააგო 7-კილომეტრიანი გზა; მოსახლეობასაც გაუკეთა მილხიდები და მოუწყო სანიაღვრე არხები, საქმის დასრულება ხდებოდა“ (სტილი დაცულია, ავტ.), _ ამბობს აბაშმაძე.
დეტალების დასაზუსტებლად „გურია ნიუსი“ გოჩა შარაშენიძესთან დაკავშირებასაც ცდილობდა, თუმცა მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. დაკავშირების შემთხვევაში მის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.