მსოფლიოში ცნობილი, ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტის და ლეგენდარული მომღერლის ნანი ბრეგვაძის დუეტი ბლექსი არენას სცენაზე შედგა. კონცერტი, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართა, სიუპრიზები იყო სავსე.
კონცერტი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნანი ბრეგვაძემ შვილთან ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან ნატალია ქუთათელაძესთან ერთად არაერთი ცნობილი ჰიტი შეასრულა. მან, ასევე, იმღერა ნინო ქათამაძესთან და სტეფანე მღებრიშვილთან ერთად.
“მე ძალიან მიხარია და მიყვარს ახალგაზრდებთან სიმღერა“, _ თქვა სცენაზე ნანი ბრეგვაძემ.
კონცერტის დასასწყისში ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა თქვა:
“ბოლო 18 წლის განმავლობაში ნანი ბრეგვაძის უცვლელი პარტნიორია ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
ყველა სიმღერა, რომელსაც ქალბატონი ნანი მღერის, არის შედევრი, რომლის გარეშე, ალბათ, უკვე ქართველი ადამიანის დნმ-იც კი წარმოუდგენელია. ეს სიმღერები შთამომავლობით გადადის და არის უამრავი, მას ერთი კონცერტის ჩატარება არ ეყოფა“, _ თქვა ნიკოლოზ რაჭველმა, ვის შემდეგაც ნიკოლოზ რაჭველის სიტყვის დასრულების შემდეგ სცენაზე ნანი ბრეგვაძე ავიდა და არაერთხელ გადაუხადა მადლობა მსმენელს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც კონცერტის დაგეგმვაში მონაწილეობდა.
კონცერტის დასასრულს “გურია ნიუსმა“ მომღერალი ნუკრი კაპანაძე ჩაწერა, რომელმაც ორიოდე სიტყვით შეაფასა კონცერტი.
“სცენაზე დგას ნანი, მღერის და არის დღესასწაული. მან შექმნა ეპოქა, მისთვის წერდნენ სპეციალურად გენიალური კომპოზიტორები სიმღერებს, რომელიც ყველას გვაბედნირებს“, _ გვითხრა ნუკრი კაპანაძემ.
„ბლექ სი არენას“ დირექტორის ანი კავლელიშვილის თქმით, ეს კონცერტი ბლექსი არენის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
“ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და ნანი ბრეგვაძის კონცერტი ანშლაგით გაიმართა. ეს დღესასწაული ყველას მეხსიერებაში დარჩება“, _ აღნიშნა ანი კავლელიშვილმა.
“ძალიან მადლობელი ვარ ყველასი და ძალიან მიყვარხართ. საოცარი მსმენელი იყო და ეს არის ბედნიერება, ეს მაძლევს სტიმულს და ძალას ვიმღერო“, _ ასეთი კომენტარი გააკეთა კონცერტის დასრულების შემდეგ ნანი ბრეგვაძემ მედიასთან.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე _ როგორ ახერხებს წლების განმავლობაში ნანი ბრეგვაძე პუბლიკის მონუსხვას და იმას, რომ მისი ყოველი კონცერტი ანშლაგით მიმდიანარეობს მომღერალმა გვიპასუხა:
“არ ვიცი, ჩემს თავზე როგორ ვისაუბრო, ვერ გეტყვით. ერთს გეტყვით, რამდენჯერმე ვთქვი ბლექსი არენაზე გამოსვლაზე უარი. როგორც იქნა, გავბედე აქ გამოსვლა. ძალიან ბევრი მსმენელი მოვიდა და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, _ თქვა ნანი ბრეგვაძემ.
ნანი ბრეგვაძემ, ასევე, მოკლედ ისაუბრა კრის ბოტთან დუეტზე.
“რეპეტიციაც არ გვქონია, ისე შედგა ჩემი და კრის ბოტის დუეტი. მან ყველა საქმე გადადო და ჩამოვიდა ჩემს კონცერტზე, ეს ძალიან დასაფასებელია“, _ გვითხრა ნანი ბრეგვაძემ.
ინტერვიუს ჩაწერის დროს ნიკოლოზ რაჭველი ჩაერთო:
“წარმოუდგენელი საღამო იყო. ყველა ეპიზოდი ემოციური იყო და ეს გვიბრუნდებოდა უკან“.
ნატალია ქუთათელაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც დაესწრო კონცერტს:
“პირველ რიგში, მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ზოგი შორიდან ჩამოვიდა და ზოგი ახლოდან, მათ გაიღეს ხარჯი, დრო, ენერგია და მოვიდნენ კონცერტზე. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება შემსრულებლისთვის და ეს საღამო შედგა“.