საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. კაცი შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა.სავარაუდო მკვლელი ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ქალი საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია გაუკეთეს და საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოკლულია 36 წლის იაშარ ჯაფაროვი. მისი ოჯახი შურისძიებაზე საუბრობს. სავარაუდო დამნაშავე კი 40 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია.
ოჯახის წევრების განცხადებით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა – “სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო”.. – ამბობს ადგილობრივი.
მკვლელობის დროს სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მძინარე ჯაფაროვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ჯაფაროვი ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს. სახლში იმყოფებოდა ჯაფაროვის დედაც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.