დღეს, სოფელ ჯვარცხმაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის ბიჭის დაღუპვამ ჩოხატაური შეძრა.
ვახოს მეგობრებს ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ მეგობარი დაკარგეს.
ის რეანომობილით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გული გაუჩერდა.
ვახომ ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.
მომხდარს „გურია ნიუსთან“ მისი მეგობრები ეხმაურებიან:
ლალო ჟღენტი: ის იყო ყველაზე კარგი, მშვიდი, გაწონასწორებული, ნიჭიერი ბიჭი. უბოროტო. მასში არ იყო არც შური, არც ღვარძლი. იყო სუფთა ადამიანი. უანგარო მეგობრობა იცოდა. არასდროს მიგატოვებდა, არც ლხინის და არც მწუხარების დროს. ის იყო ჩემი ბავშობა. ჩემი სასწაულად ალალი ბიჭი. უენო, წყნარი, ერთგული, სანიმუშო მეგობარი.
ლიკა ასეიშვილი: არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვახოზე რაიმე ცუდს გაიხსენებს, უკეთილშობილესი პიროვნება იყო. კლასში ყველასთან მეგობრობდა. ძალიან მშვიდი იყო და გამორჩეული იუმორის გრძნობა ჰქონდა, კლასელებსაც და მასწავლებლებსაც ერთნაირად გვიყვარდა. მთელი დღეა ჩვენი კლასის არქივს ვათვალიერებთ მეგობრები და ცრემლებს ვერ ვიკავებთ. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ რა მოხდა.
თაკო ხუნდაძე: მიჭირს ვახოზე წარსულში საუბარი, გაქვავებული ვარ. შემძრა ამ ამბავმა. ვახოზე ყოველთვის საუკეთესო მახსენდებოდა და ასე იქნება ჩემი სიცოცხლის ბოლომდე. ის იყო დიდებული ადამიანი, კეთილშობილი, ღირსეული, ალალი, პატიოსანი, სათნო… არ ვიცი. ჩვენს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. წაგვერთვა ბავშვობის დიდი კეთილი ნაწილი, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს. საოცარი იუმორი ჰქონდა, ჩუმად ლაპარაკი უყვარდა და ხანდახან ისეთს იტყოდა, სიცილისგან მუცელი გვტკიოდა ბავშვებს. კიდევ ძალიან ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ახლა მიჭირს გადმოცემა. ვუსამძიმრებ მის უსაყვარლეს მშობლებს, ნათესავებს. უფალმა გამძლეობა მისცეთ მათ. ჩვენი ვახო კი გაანათლოს უფალმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჩოხატაურის სოფელ ჯვარცხმაში ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტომობილს, ვახო ანთიძე მართავდა და მძიმედ დაშავდა.