სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოსდა აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს და გამოართვეს 7 000 აშშ დოლარი.
2017 წლის 27 დეკემბერს, ამირან დ-მ და ქეთევან დ-მ, ზემოაღნიშნულ პირს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 1 000 აშშ დოლარი გამოართვეს.
2017 წლის 28 დეკემბერს, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცეს დასკვნა, სადაც მიუთითეს, რომ აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი და გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი, 6 000 აშშ დოლარი,რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.