სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სუს-მა გასულ წელს გამოავლინა საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების ჯგუფები, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა.