ქართულ სუფრას ასეთი ტრადიცია გააჩნია – ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ. ეს ის ხალხია, რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია, წინა თაობების დამსახურებაა. ამჟამინდელ ახალგაზრდობას უდროოდ წასულ თანამემამულეებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი, ძირითადად, იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.
დღევანდელ მოგონებებს ახლო წარსულის თბილისელ კოლორიტებს მივუძღვნი.
თავდაპირველად თქვენს სამსჯავროზე ბატონ გია ფერაძეს წარმოგიდგენთ, რომელსაც ამ ცხოვრებამ ტრაგიკული ბედი არგუნა. გახსოვთ სურათი “არასერიოზული კაცი”. გია ფერაძე მის მიერ განსახიერებულ გმირს ძალიან წააგავდა. ეს წუთისოფელი ისე გაასრულა, რომ მის შესახებ აუგი არავის წამოსცდენია. ბატონი გია იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭითაც დაჯილდოებული ბრძანდებოდა და ამ სიტყვების სიმართლეში ქვემოთ წარმოდგენილი ორი შემთხვევითაც დარწმუნდებით.
გიას ახლობელი მეგობრები იყვნენ თამაზ სეფერთელაძე, დათო აბესაძე და მალხაზ თავართქილაძე – „ცისფერი ტრიოს“ მომღერალი ბიჭები. როდესაც ისინი პირველად მიემგზავრებოდნენ გერმანიაში გასტროლებზე, უცხოეთში ბევრჯერ ნამყოფ, გამოცდილ მეგობარს, გიას მიადგნენ რჩევა-დარიგებისთვის.
გიამ, რასაკვირველია „ჭკუა დაარიგა“ და სერიოზული სახით ურჩია, გასაყიდად წაეღოთ ლაგოდეხის ქარხნის კაკლის მურაბა და ხაზი გაუსვა, „ლაგოდეხის“, რადგანაც იქ ამ პროდუქტს რეკლამას უკეთებენ და მასზე დიდი მოთხოვნილებააო. დაუჯერეს და წაიღეს ბლომად ლაგოდეხის ქარხნის კაკლის მურაბა, რომელიც, რასაკვირველია, ხელში შერჩათ და იძულებული იყვნენ, ნაწილი სასტუმროში დაერიგებინათ გემრიელი სუვენირების სახით, ნაწილი კი თავად მიეყოლებინათ ჩაიზე. თითოეული ტკბილი კაკლის ჭამისას, სიმწრით აყოლებდნენ გიას მისამართით – ოხ, ფერაძე, შენი!
მეორე „ისტორიას“ შეიძლება დაუჯერებელთა კატეგორია მივაკუთვნოთ, მაგრამ ეს შემთხვევა გია ფერაძეს თავს ნამდვილად გადახდა.
რუსთაველის თეატრის შვეიცარიაში ყოფნისას, იქ კონცერტები ჰქონდა ცნობილ მომღერალს, რეი ჩარლზს და ბილეთის ფასი 30 დოლარიდან იწყებოდა. ერთ საღამოს გია იზა გიგოშვილთან მივიდა და ეუბნება:
– შალვოვნა! მაქვს პატივი, დაგპატიჟოთ რეი ჩარლზის კონცერტზე!
ქალბატონი იზა გადაირია:
– გია, საიდან იშოვე ბილეთების ფული? ორი ბილეთის ფასი ხომ თითქმის ჩვენი ჰონორარის ნახევრის ტოლია!
– დარდი ნუ გაქვს, ოც წუთში ქვევით იყავი, ჰოლში, გამოწყობილი!
სასწრაფოდ მოიყვანა თავი საზეიმო წესრიგში და დათქმულ დროზე ჩავიდა ჰოლში. გიაც, გამოწკეპილი, ქვევით ელოდებოდა.
მდიდარი კაცის ჟესტით გააჩერა ტაქსი და მივიდნენ ვეებერთელა საკონცერტო დარბაზთან, სადაც შესასვლელ კართან უამრავი ხალხი იყო მისეული. გიამ ხელი ჩაჰკიდა, გასწი-გამოსწია ხალხი, და როგორც იქნა, მიაღწიეს კარამდე, რომელსაც პოლიცია აკონტროლებდა. მივიდნენ ბილეთების კონტროლიორთან. გიამ წინ გაატარა, ჯიბიდან ამოიღო სადღაც ნაშოვნი რეი ჩარლზის სურათი, რომელზეც ქართულად წაეწერა მომღერლის ავტოგრაფი და კონტროლიორს დამტვრეული ინგლისურ-ქართულ-იტალიურით დააყარა:
– „რუსტაველი… ტეატრ… კავკაზიშე წრე… იზა… შალვოვნა… რეი ჩარლზ… ბიგ ფრენდ… ბიგ დოსტ“… – თან იზაზე უთითებდა და მარჯვენა და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუსვ-გამოუსვა, რაც ჩვენში ახლო მეგობრობის მანიშნებელი ჟესტია. გაკვირვებულ კონტროლიორს ვერაფერი გაეგო. ამასობაში უკან ხალხი მოაწყდა და საცობი წარმოიქმნა.
გია და იზა უკან მომავალმა ხალხმა თანდათან შეიტანა შიგ და გიამ ერთხელ კიდევ მოუთათუნა მხარზე ხელი კონტროლიორს.
– იეს! რეი ჩარლზ… ბიგ ფრენდ… თენქ იუ… – და კვლავ გაუსვ-გამოუსვა თითები ერთმანეთს.
ხალხის ნაკადს ნელ-ნელა შეყავდა ისინი დარბაზში. კონტროლიორი იძულებული გახდა, უკვე მათ უკან მომავალი მაყურებლების ბილეთები შეემოწმებინა. ისინი კი შორიდან აკვირდებოდნენ გაოცებულ კონტროლიორებს, რომლებიც კვლავ საჩვენებელი თითების ერთმანეთზე გასმით არკვევდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს ჟესტი. იზა და გია სასწრაფოდ შეერივნენ ხალხს. დარბაზშიც ვიღაც ახალგაზრდას დაათმობინა მისთვის ადგილი.
მომდევნო მოგონება ბატონ თემურ ჭკუასელს ეკუთვნის, რომელიც ბატონ გოგი დოლიძესთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას გაიხსენებს:
„დაახლოებით, ღამის პირველი საათი იქნებოდა. გოგი დოლიძემ ვაკეში ტაქსი გააჩერა. გოგოლის ქუჩაზე ცხოვრობდა და მძღოლს იქ წაყვანა სთხოვა. დაიძრა ტაქსის მძღოლი პლეხანოვისკენ, საიდანაც ვაგზალზე აუხვევდა და მგზავრს სახლში მიიყვანდა. მძღოლს გზაში ქართული სიმღერის ღიღინი დაუწყია ხმადაბლა. გოგის რა შეეშლებოდა? დაუგდო თურმე ყური და ისე მოეწონა მისი ნამღერი, თავადაც აჰყვა. ეშხში შევიდნენ, ხმას აუწიეს და მაგრად დაამღერეს გაქანებულ მანქანაში.
ამ სიმღერ-სიმღერაში, გოგიმ შეამჩნია, რომ გზა ძალიან გაგრძელდა და მძღოლმა სულ სხვა გზაზე გადაუხვია. უთხრა, სად მიდიხარ, აქ რა უნდა გოგოლის ქუჩასო. მძღოლი თურმე მოუბრუნდა და ჰკითხა – გეჩქარებაო? გოგის არასდროს არსად ეჩქარებოდა, სახლში – მით უმეტეს, და უპასუხა თურმე, მე არ მეჩქარება, მაგრამ შენ რატომ იხარჯებიო. მძღოლს ჩასცინებია, შენ ჩემს ხარჯვაზე ნუ ინერვიულებ, ისე მომეწონა შენი ნამღერი, არ გადაგახდევინებ ფულს, ქალაქში ვიაროთ ცოტა ხანს. მე დავიწყებ სიმღერას და შენ ამყევიო. მოკლედ, იარეს, იარეს და მაშინდელ ლენინის მოედანზე ამოჰყვეს თავი. იმ დროს, იქ ბევრი ხალხი იდგა რიგში და ტაქსს ელოდებოდა სახლში წასასვლელად. მძღოლებიც მიდიოდნენ იმ ადგილას და დაიყვირებდნენ ხოლმე, აბა, ვინ მოდის საბურთალოზე, ვაკეში, „პლეხანოვზე“ და ასე შემდეგ, რამდენიმე მგზავრს დაიმატებდნენ და მიდიოდნენ. მიუახლოვდნენ თურმე იმ რიგს. გააჩერა მანქანა მძღოლმა გადმოვიდა და იმის მაგივრად, რომ დაეყვირა, ვინ სად მიდისო, დაიძახა, აბა, ვინ იცის კარგი ბანიო. ხალხი გაოცებულა, რა ბანი, რის ბანი, საით მიდიხარო. მძღოლს უთქვამს, აგერ ორი კაცი ვზივართ მანქანაში, ბანი გვაკლია და თუ ვინმემ იცით დაგვემგზავრეთ, უფასოდ მიგიყვანთ დანიშნულ ადგილასო. არადა, თურმე, ბანის მთქმელი იქ არავინ აღმოჩენილა. სინანულით ჩაუქნევია მძღოლს ხელი, ჩამჯდარა მანქანაში, მგზავრისთვის უთქვამს, ეს საქმეა, ბანის მთქმელ კაცს რომ ვერ იშოვიო და ასე, ორ ხმაში სიმღერით მიუყვანია გოგი სახლში“.
დღევანდელი წერილის ბოლო მოგონება ბატონ გია კორკოტაშვილს ერგო. ერთხელ ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე და ჯემალ ღაღანიძე ახალ წელს სრულიად უცხო ოჯახში შეხვდნენ.
„დოდო აბაშიძეს, ეროსი მანჯგალაძესა და ჯემალ ღაღანიძეს 31 დეკემბერს ვორონცოვზე მოუწიათ ქეიფი. კარგად შეუბერეს და საათს რომ დახედეს, ქეიფის ეშხში ისე შესულან, ახალ წლამდე, სულ რაღაც ნახევარი საათიღა იყო დარჩენილი. მოკლედ, გონს რომ მოვიდნენ, მიხვდნენ, სახლებში მისვლას ვეღარ ასწრებდნენ. არადა, ქუჩაში მაშინ ტაქსები ასე ხშირად არ დადიოდა. ახალ წელს ქუჩაში ხომ ვერ შეხვდებოდნენ?
ეროსის უთქვამს, ბიჭებო, ბოლოს და ბოლოს თბილისია, ვინმეს მივუკაკუნოთ ფანჯარაზე, ავუხსნათ ჩვენი სიტუაცია, იქნებ სახლში შეგვიპატიჟონ და ახალი წელი სახლის ჭერქვეშ გაგვატარებინონო. მართლაც, ასე გადაუწყვეტიათ. ბელეტაჟიანი სახლის ფანჯარაზე მიუკაკუნებიათ. გამოუხედავს ვიღაც კაცს და თვალები შუბლზე ასვლია.
წარმოიდგინეთ, სამი ბუმბერაზი მსახიობი დგას ფანჯარასთან ახალი წლის დადგომამდე, სულ რაღაც ათი წუთით ადრე და გეუბნებიან თუ შეიძლება, შენს ოჯახში შევხვდებით ახალ წელსო. ეს რომ უთქვამთ, დაბნეულობისგან იმ კაცს შოკი მიუღია და სიტყვა ვერ მოუბრუნებია. მიხვდნენ თურმე, ეროსი, დოდო და ჯემალი იმ კაცის დაბნეულობის მიზეზს და სიცილით უთქვამთ, ე ბიჭო, გააღე კარი თუ გვიშვებ, შენთან ერთად გვინდა, ამ ახალ წელს შევხვდეთ, რას დაიბენიო.
ბოლოს აზრზე მოსულა ის უცხო კაცი და სიხარულით შეუპატიჟია მსახიობები სახლში სადღესასწაულო სუფრასთან. ჩვეულებრივმა თბილისურმა ოჯახმა თურმე იმ დღეს მოილხინა, ნუ იტყვით. მათთან ქეიფს, დამეთანხმებით, ბევრი ინატრებდა. დილამდე უქეიფიათ. მერე ამბობდა ის კაცი თურმე, ეს რა საჩუქარი გამომიგზავნა ღმერთმა ახალ წელს, ამას მოვიფიქრებდიო?!“