გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი საქმის გამომძიებლებს შეხვდნენ.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მათ უამრავი კითხვა აქვთ საქმესთან დაკავშირებით და სურთ, პრემიერისგან მოისმინონ, რომ საქმე გამოძიებული იქნება.
„სამწუხაროდ, გუშინ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით, პასუხები ვერ მივიღე შეხვედრაზე და ამიტომ ეს პასუხები მინდა, გიორგი გახარიასგან მივიღო. საგამოძიებო უწყებაში გვითხრეს, რომ მასე შეიძლება, ბევრი რამე თქვანო და ვერ მივყვებით მაგ საკითხსო. უფრო მუშაობენ სამსახურის ხაზით, ამბობენ, რომ არ ჰქონდა კომფორტი. მაგრამ რა შუაშია ეს. მე განვაცხადე, რომ ეს ჩვეულებრივი მოკვდავის ჩადენილი მკვლელობა რომ ყოფილიყო, აქამდე გამოძიებული იქნებოდა. გამოძიება ითხოვს დროს. ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ გადაეცათ დამატებით მასალები. დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების ნახვას. საკალმახე „ადმირალთან“ არის. ეს ადვოკატმა ნახა და მან შესათავაზა. მაინტერესებს, გახარიას რა რეაქცია ექნება. მინდა, რომ თვალებში ჩავხედო და მისგან მოვისმინო, რომ გამოძიებული იქნება ეს საქმე წესის და რიგის მიხედვით და დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა. ოთხშაბათს დაგვიბარეს. გამომძიებლები ამბობენ, რომ ჩვენ გადმოგვეცა მასალები თეთრიწყაროდან და ჯერ ვეცნობითო. მე ისიც გავაჟღერე, რომ მანქანაზე თუ არ აღმოჩნდა სხვა პირის კვალი, გამიმყარებს ვარაუდს, რომ ნამდვილად არის წაშლილი კვალი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
რაც შეეხება ელექტროშოკის საკითხს, გარდაცვლილის დედას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ დასჭირდა თამარ ბაჩალიაშვილს ელექტროშოკი.
„არ ვიცი, რატომ სჭირდებოდა და იმდენად სუსტი და ფაქიზი იყო, შეიძლება, ვერც გამოეყენებინა, უბრალოდ, სჭირდებოდა, მანქანაში ჰქონდა“, _ განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.