მიმდინარე წლის 2 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და უწყების წარმომადგენლები დუშეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 27 წლის წინ, დაბა ტამიშთან ბრძოლის ველზე დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. უწყების წარმომადგენლებთან ერთად, 1993 წლის 2 ივლისს, მტერთან შეტაკებისას დაცემული დუშეთის ბატალიონის მეომრების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, მემორიალთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში, შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დუშეთის ბატალიონის მეომრები.
ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის, ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი ზარალი მიადგათ აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებსაც.
ქართული შენაერთების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.
ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.
დიდება გმირებს! (R)