ოკუპირებული ცხინვალის მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, შსს მძღოლებს სატრანსპორტო გადაადგილების შეფერხების შესახებ აფრთხილებს.
უწყების ცნობით, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, არჩილ ტატუნაშვილის
დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, კერძოდ, მიხა ხელაშვილის ქუჩა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა, ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს.
ამ ტერიტორიებზე, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.