პოლიტოლოგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ ახალი ფრაქციები დაპირისპირების შედეგად იქმნება. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მმართველ გუნდში არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც შესწევთ უნარი საკუთარი პოლიტიკური თამაშები წამოიწყონ, ამის მიზეზი კი, ხუხაშვილის თქმით, ის არის, რომ მმართველი გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე არიან დამოკიდებულნი.
,,ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, თითქოს ,,ქართულ ოცნებაში“ რაიმე დაპირისპირება მოხდა და სწორედ, ამის გამო იქმნება ახალი ფრაქციები. საქმე იმაშია, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ არ არიან ლიდერები, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური თამაშების წარმოება შეუძლიათ, იმიტომ, რომ ოცნების წევრები ბიძინა ივანიშვილის რესურსებსა და მხრებზე ზიან. ოცნების წევრებმა ივანიშვილს მხრებზე შეიძლება მუჯლუგუნი კრან, უკბინონ, უჩქმიტონ, თუმცა ეს არის ხალიჩის ქვეშა ინტრიგანულ მოძრაობებს ჰგავს. სინამდვილეში, ,,ქართულ ოცნებაში“ იმის რესურსი არავის აქვს, რომ საჯაროდ თავისი პრინციპული პოზიცია დააფიქსირონ. მმართველ გუნდში ვერავინ ჩამოყალიბდა იმ ტიპის ლიდერად, რომელსაც შეუძლია სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე გახდეს. კი ბატონო, ოცნების წევრებს ერთმანეთი არ უყვართ, ეზიზღებათ, აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგარამ პარაზიტებს აქვთ თვისება, რომ თუ პატრონი რამით უკმაყოფილოა ამ თავის სურვილებს საკუთარ თავში ღრმად მარხავენ. ,,ქართულ ოცნებაში“ პატარა ადამიანები თავის ჭიებს ახარებენ იმით, რომ ფრაქციის თავმჯდომარეები და მოადგილეები გახდებიან, ახალ მანქანებს დაირიგებენ და ახალ კაბინეტებში გადავლენ, ამით ამოიწურება მთელი ჰორიზონტი. ასე რომ, ფრაქციებად დაყოფის საკითხს სერიოზულად ვერ განვიხილავ“ , _ განაცხადა გია ხუხაშვილმა.