“მადლობა _ ზრდასრულ ასაკში დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ მასწავლა და დამანახა მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ურთიერსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გვერდით დგომა.
დღეს ჩემთვის გამორჩეული და დაუვიწყარი დღე იყო, რაც თქვენი დამსახურებაა და სწორედ ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, რომ ყოველგვარი კორექტულობისა თუ პოლიტქორექტულობის გარეშე გაგიზიაროთ ჩემი სენტიმენტები, გითხრათ რომ ბედნიერი ვარ, რომ ამდენმა ადამიანმა, ნაცნობმა თუ უცნობმა, მეგობარმა თუ კოლეგამ, უფროსმა და უმცროსმა გამოხატა მხარდაჭერა და სიყვარული! მადლობა, _ წერს სოციალურ ქსელში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ, მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა.
ჩოგოვაძეს მხარდაჭერა ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოუცხადა. ფეისბუქში გავრცელებულ პოსტებში შეხვდებოდით ცნობილი სახეების _ მომღერლების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, მსახიობების კომენტარებს, რომელთა შინაარსი ერთი იყო _ გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლება ხელისუფლების დიდი შეცდომა იქნებოდა.
#მეტიჩოგო _ ამ სახელწოდებით ჰეშტეგიც კი შეიქმნა.
არსებული ინფორმაციით ჩოგოვაძის გათავისუფლება ჯემფესტის წარუმატებლობას უკავშრდებოდა, თუმცა, მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტრომ დღის ბოლოს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩოგოვაძე თანამდებობას არ ტოვებდა. სამინისტროს განცხადებას ჩოგოვაძის კომენტარიც მოჰყვა _ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე რჩებოდა.