აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის შემდეგ საქართველოს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი, ეწვია.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ორდღიანი ვიზიტი დღეს დასრულდება. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
განსახილველ საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯერჯერობით, არ ასახელებს.
მოჰამად ზარიფი ვერ შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს _ 26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შემკობს გმირთა მემორიალს.
საქართველოში ვიზიტამდე მოჰამად ჯავად ზარიფი იმყოფებოდა აზერბაიჯანსა და რუსეთში. გუშინწინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს.
რეგიონული ტურნეს დაწყებამდე ზარიფმა განაცხადა, რომ ეწვევა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.
26 იანვარს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში შეხვდა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ ირანი, თურქეთი და საქართველო დაინტერესებულნი არიან მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენით და უფრო მეტიც _ უკვე ისმის ინიციატივები, რომ აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო რუსეთის, ირანის და თურქეთის მონაწილეობით რეგიონში მიისწრაფოდნენ ურთიერთობებისკენ ახალი რეალობის გათვალისწინებით: „რეალობისა, როცა არ არის ომი და არის შეთანხმება მოიხსნას ყველა ბლოკადა და სხვა შეზღუდვები“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში ჩართვა სურთ ევროპის ქვეყნებსაც.
წყარო: radiotavisupleba.ge