ორი ბინა, 6 მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი, მსუბუქი ავტომანქანა და ავტოფარეხი თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ვასილ მშვენიერაძის ოჯახის საკუთრებაშია.
როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ვასილ მშვენიერაძე ფლობს, 1994 წელს, მემკვიდრეობით მიღებულ ოთხ მიწის ნაკვეთს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საღვინეში, რომელთა ფართობი ჯამში 5031 კვ.მ-ია. ასევე, ამავე სოფელში მდებარე 180 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს.
გარდა ამისა, ვასილ მშვენიერაძის 100,00% საკუთრებაშია 2013 წელს 37000,00-ლარად ნაყიდი 400,00 კვ.მ -ის მიწის ნაკვეთი თბილისში, ლისის მიმდებარედ; ამ ტერიტორიაზე არსებული 45 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი, რომლის მშენებლობაც 2015 წელს დაუწყია და 9000 ლარი აქვს გადახდილი.
მის საკუთრებაშია ასევე, 2005 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 137,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე.
2005 წელს, ასევე მემკვიდრეობით მიღებული 693,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გიორგიწმინდაში, გელოვანის 12 ნომერში, რომლის 50%-იან წილს ფლობს (თანამესაკუთრე ქეთევან მმშვენიერაძე).
ხოლო მისი მეუღლის, თამარ დოჭვირის 100,00% საკუთრებაშია 2011 წელს, 80000-დოლარად ნაყიდი 139,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე.
თამარ დოჭვირის 100,00% საკუთრებაშია ასევე 1987 წელს ნაჩუქარი GERFSHTAT-ის როიალი და 2015 წელს, იაპონიაში აუქციონზე, 9000-ლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მათი შემოსავალი გასულ წელს ჯამში 88 319 ლარი იყო. აქედან, ვასილ მშვენიერაძემ მცხეთის რაიონული სასამართლოდან, სადაც ის სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე 74 819,00 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, თამარ დოჭვირმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან, სადაც ის ექიმია გასული წლის განმავლობაში _ 13500,00 ლარი.
გარდა ამისა, ოჯახის შემოსავლის გრაფაში აღნიშნულია, რომ გასული წლის 30 ივლისს ვასილ მშვენიერაძემ TBC ბანკიდან 19000,00-ლარიანი სესხი აიღო (მატერიალური შემოსავალი 4500,00 ლარი).
მშვენიერაძის სახელზე კიდევ ერთი, 7000,00-ლარიანი სესხია, რომელიც მას 2016 წელს საქართველოს ბანკიდან აუღია და ვადა 2018 წელს ეწურება.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ვასილ მშვენიერაძეს ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2100,00 ლარი ჰქონდა. თამარ დოჭვირს კი, ,,თი–ბი–სი ბანკი სახელფასო ანგარიშზე 50,00 ლარი ერიცხებოდა.
გარდა ამისა, დოჭვირს ნაღდი ფულის სახით 7000,00 ლარი და 3000,00 დოლარი ჰქონდა (დანაზოგი), ხოლო ვასილ მშვენიერაძის შვილს, შოთა მშვენიერაძეს კი 1500,00 ევრო (დანაზოგი).
ოჯახის გასავლების გრაფაში აღნიშნულია, რომ ვასილ მშვენიერაძეს გასულ წელს მოგზაურობისთვის 10000,00 ლარი დაუხარჯავს, ხოლო საშემოსავლო გადასახადისთვის (ხელფასიდან) 14962,00 ლარი გადაუხდია.
რაც შეეხება ოჯახის გასული წლების შემოსავლებს, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, ვასილ მშვენიერაძის ოჯახმა 2015 წელს ჯამში 84 119 ლარი მიიღო. აქედან ვასილ მშვენიერაძემ მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის – 75 619 ლარი, ხოლო თამარ დოჭვირმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან – 8500 ლარი.
2014 წელს – ვასილ მშვენიერაძემ მცხეთის რაიონული სასამართლო თავმჯდომარის პოსტიდან 74 475 ლარი მიიღო, ხოლო თამარ დოჭვირმა (ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულიცენტრი ექიმი) 7233 ლარი. ჯამში – 81 708 ლარი.
რაც შეეხება 2013 წელს, ოჯახის შემოსავალი გაცილებით ნაკლები იყო – 66 900 ლარი. ვასილ მშვენიერაძემ მცხეთის რაიონული სასამართლო თავმჯდომარის პოსტიდან 59500 ლარი ხოლო თამარ დოჭვირმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმის თანამდებობიდან – 7 400 ლარი მიიღო.
2012 წელს კი, ვასილ მშვენიერაძემ მცხეთის რაიონული სასამართლო თავმჯდომარის თანამდებობიდან 60 500 ლარი მიიღო, ხოლო თამარ (დოჭვირმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ექიმი) 7100 ლარი.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 2017 წლის 3 ივლისს აირჩია, ის ასევე არჩეულია ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ. მშვენიერაძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრიცაა.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის საჭოს მდივნად აირჩიეს. მან ლევან მურუსიძე შეცვალა.
ვასილ მშვენიერაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მუშაობდა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში მთავარ კონსულტანტად; საქართველოს უშიშროების საბჭოს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის სამდივნოს ხელმძღვანელად; თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;
2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი; 2006-2007 წლებში მუშობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად; ასევე იყო მცხეთის რაიონის პროკურორი, შემდეგ კი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2015 წელს საქართველოს საპროკურორო საბჭოს წევრად აირჩიეს; ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/185 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, მოგვიანებით კი, ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ.