თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების მოწინააღმდეგეებმა თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინეს”. ინფორმაცია Youtube-ზე გავრცელდა.
“ვითარება არის ასეთი – თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ არ აქვს მაინცა და მაინც მნიშვნელობა, ვინ იქნება თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამის ნათელი მაგალითია თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. ჩვენ ყველას გვახსოვს ვითარება, როცა საკრებულოს ორი კვირით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე წერილი უნდა გაეგზავნა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ შეენარჩუნებინათ თვითმმართველი ქალაქი თელავი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაინც მხარი დაუჭირეს”, – აცხადებენ აქტივისტები.
აქტივისტები მოითხოვენ, რომ ქალაქი თელავი კვლავ თვითმმართველ ქალაქად დარჩეს.