აშშ-ის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევს, რომ 3 წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებმა დღეში ტელევიზორთან არ უნდა გაატარონ 2 საათზე მეტი. მიუხედავად ამ რჩევისა, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების 65% შვილებს უფლებას აძლევდა 3 საათი და უფრო მეტი გაეტარებინათ ტელევიზორთან. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის თუ რამდენი ხნის განმავლობაში უყურებენ ბავშვები ტელევიზორს, არამედ ის თუ რას უყურებენ და რას სწავლობენ ტელევიზიით. კვლევაში გამოვლინდა, რომ 2757 სატელევიზიო პროგრამის 75%-ში იყო ასახული ძალადობრივი სცენები და მათზე არ იყო დაწესებული ასაკობრივი ცენზი.
ტელევიზიით აგრესიული და ძალადობრივი შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიწოდება ზრდის აგრესიული ქცევის გამოვლენის ალბათობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ, როგორ ახდენს ამ გავლენას ტელევიზია.
1)მედიით ძალადობის ექსპოზიცია ასუსტებს მაყურებელში ანალოგიური ქცევის განხორციელების შეკავებას. ამგვარი ფილმების ნახვის შემდეგ მაყურებელი ნაკლებად იგრძნობს თავს შეზღუდულად მსგავსი ქცევის განხორციელებისათვის.
2)ვარაუდობენ რომ ძალადობის ექსპოზიცია აიარაღებს მაყურებელს ახალი ტექნიკით თუ როგორ შეუძლია შეუტიოს და ავნოს სხვას უფრო დახვეწილი მანერებით. მაყურებელი ამით იძენს აგრესიის გამოხატვის ისეთ “დახვეწილ” მანერებს, რომელიც მის დისპოზიციაში მანამდე არ ყოფილა და რაკი ეს მიღწეულია, ე. ი. თავდასხმის ახალი ხერხი შეძენილია, შემდეგი ნაბიჯი მისი პრაქტიკაში გამოყენება უნდა იყოს, როცა შესატყვისი სიტუაცია გაჩნდება.
3)სხვის მიერ განხორციელებული აგრესიული ქცევის ხშირმა ყურებამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს მაყურებლის კოგნიციაზე. ნავარაუდევია, რომ ამის შემდეგ ადამიანები უფრო მიდრეკილნი ხდებიან მოვლენები აღიქვან ნეგატიურად და მტრულად. ან ორაზროვანი სიტუაციის ინტერპრეტაცია მოახდინონ, როგორც ბუნებით აგრესიული. ასევე, შესაძლოა ინდივიდმა გააზვიადოს მის ირგვლივ სოციალურ სამყაროში აგრესიის სიხშირის შეფასება, შეიძლება აგრესია დაინახოს, როგორც ჩვეულებრივი და ამდენად უფრო მისაღები. ასეთმა იდეებმა და აზრებმა შეიძლება გაზარდოს სხვის წინააღმდეგ ღია აგრესიის ალბათობა.
4)ვარაუდობენ, რომ ძალადობის ხშირმა ექსპოზიციამ შეიძლება შეამციროს ძალადობისა და მისი მტკივნეული შედეგების მიმართ ინდივიდის ემოციონალური მგრძნობიარობა. მოკლედ, უამრავი მკვლელობების, თავდასხმებისა და ბრძოლის ყურების შემდეგ, შესაძლოა მაყურებელმა სუსტი ემოციონალური რეაქცია გამოავლინოს მასზე. ემოციონალური მდგომარეობის ასეთი გადაწევა კი ინდივიდს გაუადვილებს განახორციელოს თვითონაც აგრესია.