დღევანდელი მოგონებების მთავარი გმირი პოპულარული ჯგუფი „ივერიას“ სოლისტი, ბატონი ნუგზარ კვაშალი იქნება. ბატონი ნუგზარი მახვილგონიერი ადამიანის ავტორიტეტით სარგებლობს, მას „მარაგში“ არაერთი სახალისო ისტორია გააჩნია და რასაკვირველია თანამემამულე მასმედიის წარმომადგენლებისთვის მუდმივად სასურველ რესპონდენტად ითვლება. დღეს ნუგზარ კვაშალი ორ „საინტერესო ამბავს“ მოგვიყვება.
„თემურ წიკლაური ჩვენი სიამაყეა, თემური ჩვენი „არწივია“. მოკლედ, თემური ჩვენი უბრწყინვალესი მეგობარია და დიდი იუმორის გრძნობითაა დაჯილდოებული. მართალია, როგორც „უარწივესი არწივი“, დინჯია და სიტყვაძუნწი, მაგრამ, იუმორი აქვს?! – გადასარევი! მაგალითად, ანეკდოტს რომ მოუყვები, ზოგიერთივით დიდი ხნის შემდეგ კი არ იწყებს სიცილს. არა, ძმაო, დასაწყისშივე კვდება სიცილით, მაგრამ, ანეკდოტი რომ დამთავრდება, ყველა ასკდება ერთმანეთს, ეს კი გაოცებული გვიყურებს – რა აცინებთო.
მოკლედ, საახალწლო, ტრადიციული კონცერტების სერიაა – გადაჭედილია ფილარმონიის დარბაზი. ძირითადად ბავშვები არიან. ბავშვები, ბებიკოები, მამიკოები. აბა, ამ დროს მამიკოები და ბაბუკოები გრადუსებს ამოწმებენ. რა თქმა უნდა, ღმერთმა გვიმრავლოს ბავშვები, პატარები ჭარბობენ. სცენა და დადგმის პროექტი ასეთი იყო:
მე, თემურ წიკლაური, ვახო ტატიშვილი და ორკესტრი ვასრულებთ ბავშვებისთვის უსაყვარლეს ნომერს, სიმღერით „ეს საწყალი კურდღელი“.
ვიწყებ მე – „ეს საწყალი კურდღელიიი“…
ვახო: „ძლიერ ავად გაგვიხდაა“…
თემო: „არც სტაფილო ეამა” (ბარიტონი)…
ყურისწამღებად გრიალებს აპარატურა.
ათასჯერ მაინც გაგვივლია ეს ბავშვების უსაყვარლესი სპექტაკლი, მაგრამ კოკას წყალი ყოველთვის როდი მოაქვს.
ერთ დღესაც, მორიგი სპექტაკლია.
გაიხსნა ფარდა. აგრიალდა მუსიკა და ჩვეულებრივად დავიწყე მე, პატიოსანმა და უღალატომ:
„ეს საწყალი კურდღელი..“
ახლა ველოდები, ვახომ უნდა თქვას: „ძლიერ ავად გაგვიხდა“, მერე თემომ – „არც სტაფილო ეამა“… მაგრამ, სადაა ვახო, არაა…
– „ეს საწყალი კურდღელი”… – წავიწვრილე ხმა თავიდან. ვახო მაინც არ ჩანს. მეცა პირკატა. არადა, გადატენილია დარბაზი, კაცო. აქეთ თემური ელოდება ფრაზას და გაოგნებულია. მეც ცუდ დღეში ვარ და ისევ დავიწყე… წიკლაურს მეტი კი არ უნდა – წასკდა სიცილი და დურთა თავი კულისებში. დავრჩი მარტო ამ „საწყალი კურდღელით…”
ამასობაში „ამბავი მოვიდა“ კულისებიდან – ვახო გაციებულია, თან, ძალიან და ვერ მოვაო (ასეც ხდება ხანდახან).
ააშენოს ღმერთმა – ისევ თემური მომეშველა და გამოვარდა სცენაზე:
– ბავშვებო! – დაიყვირა მიკროფონში ბარიტონით. ჩვენი ვახო-კურდღელი (სულაც არ იყო კურდღელი) ძლიერ ავად გამხდარა! აბა! ავად გამხდარა, ცოდო არაა? – აგრძელებს წიკლაური.
– ჰოდა, ახლა, – აჰყავს დარბაზი წიკლაურს, – ძლიერ ავად გამხდარა და, მე და ნუგზარი ბიძია (ჩემზე), წავალთ მის მოსანახულებლად! – თემურის აზრით, ჩვენ რომ ვახოს მოსანახულებლად უნდა წავსულიყავით, ფარდა დაიხურებოდა და ასე დამთავრდებოდა ეს ფრიად უხერხული ინციდენტი, მაგრამ, საქმეში ხარ?!
– რაო?! – წყობიდან გამოვიდნენ ბავშვები, – აბა, ჩვენ აქ რა გაგვაჩერებს ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, ჩვენც მოვდივართ სანახავადო და… არ ამოცვივდნენ ერთმანეთის მიყოლებით სცენაზე „წაგვიყვანეთ, ძიას” ძახილით?!
საქმეში ადგილობრივი ტექნიკოსები ჩაერთნენ ოპერატიულად და დახურეს ფარდა. ვინც (ბავშვები) ფარდის შიგნით დარჩნენ, ყელში თითებმოჭერილები გვეხვეწებოდნენ – წაგვიყვანეთ, მოვინახულებთო. გარეთ დარჩენილები სასტიკად „ბუინობდნენ“: რა, ჩვენ ვეღარ წამოვალთო?! – მოკლედ, საქართველო მორიგი დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა.
„როგორ ვყვარებივარ ბაღნებს,“ – იცრემლებოდა ვახო ტელეფონში.
შემდეგი სპექტაკლი „პოლნი სასტავით“ დაიწყო“.
ნუგზარ კვაშალმა კოლეგა – თემურ წიკლაური „არ დაინდო“. მომდევნო მოგონებაში „მისი საკბილო“ მშობლიური ბაბუა – ვიქტორ კვაშალი აღმოჩნდა.
„ბაბუაჩემი, ვიქტორ კვაშალი, როგორც თითქმის ყველა გურული, უსაზღვროდ ენამოსწრებული, კვიმატი კაცი იყო, ცნობილი თამადა ყველასთვის საყვარელი კაძახი.
ცოდვა გამხელილი ჯობია, – უთქვამს ბრძენს და ხშირად თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილა თავისი სიტყვამოსწრებულობის „გამოისობით“, მაგრამ რჯული რჯულია და მიდიოდა სუფრა თავისი გზით.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბაბუა ცნობილი თამადა იყო და თამადობა მარტო ღვინის სმით რომ არ შემოიფარგლება, ყველამ ვიცით.
„ბნელი დრო“ იყო მაშინ და ყველა თამადას ყოველთვის და ყველგან ვიღაც „ჭინჭყლი“ მოშურნე აუცილებლად გამოუჩნდებოდა. გურულებმა სმა „ჩაფსმამდე“ რომ იციან, ისიც ყველასთვის ცნობილია და ყველა თუ არ „აალაგა“, ისე თამადა რა თამადაა?
მოკლედ, ერთი პირმშვენიერი დღე და მეზობლის ქორწილია. რა თქმა უნდა, ბაბუა ვიქტორია თამადა. კარგად გადამთვრალია სუფრა. „ერთი-ერთზე“ მიდის სმა.
ვიღაც რაიონული მილიციის ჩინოვნიკი „ჩაეჯინა“ სმაში ჩემს ბაბუას. დალევს ეს (ბაბუა) – დალევს ისიც (ჩაჯინებული).
ზოგმა რა მოიმიზეზა, ზოგმა რა. გაეცალნენ სუფრას. დარჩა რამდენიმე კაცი, რომელთაც კიდევ შეუძლიათ ლუღლუღი და რა თქმა უნდა, შემართული და გამართული დგას კლდესავით თამადა – ბაბუაჩემი. ვუყურებ მე ამ ამბავს, პატარა, თავბომბორა ნუგზარა. არადა, არ ეშვება ის ჩინოვნიკი. განსხვავებული დალიე, ყაზილარო, განსხვავებული!
ამანაც უზარამაზარი თასი მოითხოვა, რომელიც წამსვე მიართვეს. გაავსო, გაალიცლიცა, გაათიმთიმა და ძმობის, სიყვარულის (მშვიდობის სადღეგრძელო თავში ჰქონდა დაქუხებული, როგორც ყველა გურულს) სადღეგრძელო წარმოთქვა. მკაფიოდ ილაპარაკა, თუ რა კარგია ძმობა და მეგობრობა, თუ როგორ უნდა უყვარდეს კაცებს (ქალებსაც) ერთმანეთი და „რა ჯობია ქეიფსა და ლხენასა“. მიიდგა ტუჩზე და შეუსვენებლად შესვა.
შესვა და „ჩამჯინებელს“ გადაუგდო (ალავერდი).
„ჩამჯინებელი“ ახალი „ჩაქინდრული იყო“. თასი თავში მოხვდა, წამსვე გამოფხიზლდა, არ შეიმჩნია, შეავსო და..
შევსებული თასით მიუახლოვდა ბაბუას, ცალი ხელით თასი უჭირავს გაპიპინებული, მეორე ხელი მხარზე მოჰხვია და მოჰყვა სადღეგრძელოს:
– ჩვენ… ჩვენ ძმობას (თან ბარბაცებს და ვითომ შემთხვევით – ნელ-ნელა აქცევს) გაუმარჯოს… ჩვენ ერთმანეთი რო არ გვიყვარდეს, რა საკადრისია, ჩემო იმანო, ჩვენი ძმობა, ხო იცი, რაფრა ფასობსო…
ასე ილაპარაკა და აქცია ლაპარაკ-ლაპარაკში და ძიროზედა შერჩა ღვინო თასს.
მოილია სადღეგრძელო და წაიღო თასი პირისკენ.
– მასთე სადააო, – იქვე, „პატრულივით“ გამოიჭირა ბაბუმ და ის თასი პირთამდე შეუვსო, – მიდი, ახლა დალიეო.
სავსე თასის დანახვაზე ის ჩინოვნიკი – ქალაქი „ანარა“ როა – ქაფიანიძესავით „წახდა“.
„წახდა“, მაგრამ მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და არ სვამს.
– ბატონო ბიქტორრრ! – დაასლოკინა მონდომებით, ის უნდა ვთქ…
– სტოპ! – ბაბუამ, – ჯარიმა გეკუთვნის.
– რა… რა… რატომ, ბიქტორ?! – დაიყლოჭინა საცოდავად, – რრატომ?
– იმიტომ, რომ მე ბიქტორი არ მქვია.
– ა, აბბაა, რრრა გქვია, ბიქტორ?
– რა და – ვიქტორი.
– კაი ახლა… ისევ დაასლოკინა „ჩამჯინებელს“. ერთი ასო რაა? „ბ“ იქნება თუ „ვ“? ერთ ასოს რა მნიშვნელობა აქვს?
– თქვენ თვითონ რა გქვიათ, ბატონო? – ეკითხება ბაბუა.
– რა მქვია, ბიჭო, მე? – პირად მძღოლს შეეკითხა „ჩამჯინებელი“. გამახსენე ერთი, ტყუილა გიხდი ხელფასს?
– რა, ბატონო და, ვასო! – წამსვე მოახსენა მძღოლმა.
– მაშინ, ჩემო ვასო, – თქვა ბაბუამ, – შენ რომ მითხარი, ერთ ასოს არ აქვს მნიშვნელობაო, მოვაშორებ იმ შენს სახელს ერთ წინა ვ-ს, და რაც დარჩება, ის გრქმევია შენო…
„ვ-ასოს“ აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა და:
– კაი, ის ვარ, რაც შენ გინდა, ასო ვარ, ასო!
ე… ასეთი ბაბუა მყავდა მე!“