საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, თეა წულუკიანი დღეს, 11 მაისს სამტრედიის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად სტუმრობდა.
მინისტრმა თანმხლებ პირებთან ერთად სალოტბარო სკოლა მოინახულა, რომელიც, დროებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლშია განთავსებული (ლოტბარი ბესო მახათაძე).
თეა წულუკიანი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელთან, გიორგი გაბუნიასთან ერთად მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში სალოტბარო სკოლის უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლებს შეხვდა, მოისმინა მათ მიერ შესრულებული სიმღერები და იქვე, მაღალი შეფასება მისცა მოსწავლეების საშემსრულებლო დონეს.
მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ტატა გოგუაძემ თეა წულუკიანს სამტრედიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება შესთავაზა, რომელიც იმავე შენობის პირველ სართულზეა განთავსებული.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფუძემდებელმა და ერთ- ერთმა ხელმძღვანელმა, ჯონი ნადირაძემ სტუმრებთან საინტერესოდ ისაუბრა იქ დაცული ყველა ექსპონატის მნიშვნელობაზე.
თეა წულუკიანს მასპინძლებმა საჩუქრად გადასცეს მუზეუმის ინიციატივით დაარსებული ჟურნალ ,,სამტრედიის მატეანეს” ექვსივე ნომერი.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჟურნალი, რომელიც მას სამტრედიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადასცეს, სხვა მუნიციპალიტეტებში არ უნახავს.
ავტორი