ოზურგეთში, ბოლო ოთხი დღის მანძილზე თხილს სტაბილური ფასი აქვს: ერთი კილოგრამი “გულშიშველა” 3,50 ლარი ღირს, “ბერძნულა” კი _ 4 ლარი. გატეხვის მეთოდსაც ზოგ პუნქტში იყენებენ, ზოგან _ არა. ამიტომ ხალხი ეძებს ისეთ მიმღებს, ვინც პირდაპირ ჩაიბარებს მათ პროდუქციას.
თხილის ე. წ. “ჭრელი” და ცვალებადი ფასების შემდეგ, მოსახლეობისთვის ეს ფასიც არაა მოსაწონი. თუმცა, როგორც აქ ამბობენ, სანდოა, რადგან შინიდან წამოსულს, თხილის კვლავ უკან წაღება ან შედარებით კიდევ უფრო დაბალ ფასში ჩაბარება არ უხდებათ.
ნათელა საჯაია, ნატანების მცხოვრები: “ახლა ჩავაბარე ათი კილოგრამი თხილი. სხვა საქმეზე წამოვედი და ხელს გამოვაყოლე, თორემ იმხელა მანძილიდან დიდი რაოდენობით უნდა წამოიღო, მარტო თხილი თუ მოგაქვს. ყველაფერი ანგარიშია… “გულშიშველა” იყო და ერთ კილოგრამში 3,50 ლარი გადამიხადეს. ეს ფასი მისაღები იყო 15 წლის წინ. 6 ლარიც ღირდა, მახსოვს. ახლა გადაყრაა ამ ფასად. რას ღირს მარტო საკვები პროდუქტები, ხომ იცით? თხილს კი ფასს არავინ უმატებს. რამდენი შრომა უნდა. შეწამვლასაც ვერ ვახერხებთ სრულყოფილად.
მიმღებსაც გააჩნია. ისეთ პუნქტს ვეძებთ, ვინც გაუტეხავად იღებს, ადამიანურადაც გვესაუბრებიან და ასე ვთქვათ “კრიჟანივით” არ მოგვდევენ თითოეულ მარცვალ თხილზე”, _ თქვა ქალბატონმა ნათელამ “გურია ნიუსთან”.
რა მოხდება მომდევნი დღეებში ფასის ცვლილების მხრივ, დაზუსტებული პასუხი არავის აქვს _ თხილის მიმღები ოპერატორები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ თუ მოსახლეობის უმრავლესობა ხარისხიან, კარგად გადარჩეულ თხილს მოიტანს, ფასი მალე მოიმატებს.
[sexy_author_bio]