რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს შშმ პირები საქართველოში და რა კეთდებოდა მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო დონორების დახმარებით? მოახდენს თუ არა “რუსული კანონი” გავლენას მათზე? რას ფიქრობს მმართველი პარტიის დაპირებაზე, რომ ნებით უცხო ქვეყნის გავლენის ორგანიზაციებად დარეგისტრირებულ მესამე სექტორს ჩვენი ბიუჯეტიდან “ორმაგად“ დააფინანსებს – ამ საკითხებზე საუბარი არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს თომა კაკაბაძეს ვთხოვეთ.
_ პირველ რიგში, ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც შეეხება უსინათლო და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებს. 2021 წელს ძალაში შევიდა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი და კანონით განისაზღვრა, რომ 2035 წლამდე, ყველა ის შენობა, რომელიც ადაპტირებას საჭიროებს, უნდა მოექცეს ამ სტანდარტებში; მიმდინარე მშენებლობები კი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი გათვალისწინებული იყოს პროექტებში. სამწუხაროდ, ამ კუთხით, არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა. ვითხოვდით 2021 წლის მერე, რომ სამოქმედო გეგმა გაკეთებულიყო, რომ ვიცოდეთ 2035 წლამდე სად ვართ, რა ნაბიჯები იდგმება ამ კუთხით; სამწუხაროდ, სამი წლის მერეც, სამოქმედო გეგმაც არ გვაქვს.
ვფიქრობ, სერიოზული დაინტერესება არ არის ხელისუფლების მხრიდან, რაც იწვევს იმასб რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ თავისუფლად, დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა თავიანთ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, თავიანთ ქალაქებში, სოფლებში. არ აქვთ დამოუკიდებლად იმ სერვისებზე წვდომაც კი, რასაც თუნდაც ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი სთავაზობს მათ.
მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულებები არ არის ჯანსაღი. წლების მიხედვით, დინამიკაში თუ შევხედავთ, 10 წლის წინ რა იყო და დღეს რა არის, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. თუმცა, ეს არ არის სწრაფად გადადგმული ნაბიჯები _ ძალიან ნელი ტემპით და თვითინერციით გადადგმული ნაბიჯებია, რომელიც ცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას და დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც თავად ერთვებიან რაღაც აქტივობებში: ტელეშოუები, თოქშოუები, გადაცემები, ფილმები… სხვადასხვა პირადი აქტივობის საფუძველზე ხდება ამ საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება _ ვიღაც ეტლით მოსარგებლე პირი დაოჯახდა, შვილი გაუჩნდა… ამის შემდეგ ხდება სხვადასხვა გადაცემებში მიწვევა… ეს კარგ დინამიკას აჩვენებს, მაგრამ ეს არ არის სისტემურად გადადგმული ნაბიჯები და სახელმწიფო საფუძვლიანად არ ზრუნავს, მიუხედავად იმისა, რომ კანონითაც აქვს ვალდებულება შშმ პირთა უფლებების შესახებ და გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციითაც აღებული აქვს ვალდებულება, რომ ოჯახის დონეზეც კი, საზოგადოების ცნობიერება გაზარდოს. ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ამას ხელისუფლება უნდა აკეთებდეს _ მიდიოდეს და საუბრობდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ოჯახების დონეზე თუნდაც, მაგრამ მას შეუძლია შექმნას პროგრამები, პროექტები,რომლებსაც განახორციელებენ დაინტერესებული ადამიანები,საინიციატივო ჯგუფები, ახალგაზრდები, მოხალისეები კარდაკარის პრინციპითაც კი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოჯახების დონეზეც გავზარდოთ ცნობიერება, რადგან ისევ არის სტიგმა, სტერეოტიპული დამოკიდებულება _ შვილებს არ აჩენენ, ოჯახის წევრებს მალავენ და განათლების საშუალებას არ აძლევენ. როცა ასეთი სიტუაციაა, რომ ვერ შეხვედი ბაღში, სკოლაში, ვერ ისწავლე, ვერ დაამთავრე, თანდათან ეს იწვევს ადამიანის ავტომატურად გარიყვას; ადამიანი არის საოჯახო გარემოში, მაგრამ ვერ იქცევა სოციუმის ნაწილად და ეს პრობლემებს იწვევს. ეს არის დამოკიდებულების ბრალი, როცა ოჯახის წევრები არ გიღებენ; მეც, თავის დროზე რომ არ მქონოდა ოჯახის წევრების მხარდაჭერა იმ აქტივობებში, რასაც ვგეგმავდი და ვახორციელებდი, ერთ-ერთი რიგითი სახლში მჯდომი ადამიანი ვიქნებოდი. მე ეტლით მოსარგებლე ადამიანი ვარ და ძალიან რთულია გარემოში გადაადგილება, მაგრამ ამას ვაკეთებდი საკუთარი ფსიქიკის დაზიანების ფასად; მქონდა რწმენა, რომ ადამიანებს ამ გამოწვევას დავანახებდი გარეთ გამოსვლით და არა სახლში ყოფნით.
როცა ჩემთან ერთად სეირნობს ან გადაადგილდება ვინმე, ძალიან კარგად ხედავს იმ ბარიერებს, რაც მექმნება _ პარკში, კაფეში, კინოთეატრში როცა ვერ შეხვალ… ზღვა ახლა უკვე მისაწვდომი გვაქვს ბათუმში, მაგრამ წლების მანძილზე არ იყო…
ფიზიკური, ინფრასტრუქტურული ბარიერების და ცნობიერების ამაღლების კუთხით არსებული პრობლემის გარდა, კიდევ ბევრი საკითხია, მათ შორის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბარიერები, რაშიც კანონმდებლობის გარდა, ვგულისხმობთ იმ სერვისებს, რომლებიც არ არის ინკლუზიური; მაგალითად, იგეგმება პროგრამა, მაგრამ მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არ არიან მოაზრებულები. მაგალითად, ბათუმში ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი რომ იგეგმება, არასდროს არ არის სცენა ადაპტირებული _ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ეტლით მოსარგებლე ადამიანი იყოს მომღერალი და თვითონაც შეძლოს ჩართვა ან სცენაზე უნდოდეს ასვლა. ეს პრობლემები რეალურად წლიდან წლამდე არ გვარდება. გვარდება მინიმალურ დონეზე ცნობიერების ნაწილში მაგრამ პრაქტიკულ ნაწილში ბევრი პრობლემა პრობლემად რჩება. რაც საზოგადოების დამოკიდებულებაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების დამოკიდებულებას კარგად წარმოაჩენს.
პრობლემურია18+ რეაბილიტაციის პროგრამები, რომელიც, მაგალითად, აჭარაში არსებობს, მაგრამ არ არის გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში და ა.შ.
ასევე, დაინერგა რეაბილიტაციის ცენტრალური პროგრამა, მაგრამ მას აქვს ფილტრი, რაც სახელმწიფომ დაუშვა: ეხება ინსულტგადატანილ ადამიანებს და სპინალური ანუ ხერხემლის დაზიანების მქონე პირებს; თან, ორი წლის განმავლობაში მიღებული ტრავმის შემთხვევაშია პროგრამაში ჩართვა შესაძლებელი.
ამდენად, პროგრამები ხშირ შემთხვევაში ან არ არის, ან დისკრიმინაციულია.
ყოველდღიურად გვესმის, რომ ეკონომიკა ძლიერდება, ბიუჯეტებს ვზრდით, მაგრამ ახალი პროგრამები ძალიან ნელა ინერგება. პროგრამის დასანერგად, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო დონორისგან იღებს გრანტს, საპილოტედ ერთ ან რამდენიმე რეგიონში იწყებს პროგრამას, როგორიც იყო, მაგალითად, პერსონალური ასისტენტის პროგრამა რამდენიმე რეგიონში. და როცა პროგრამა რამდენიმეწლიანია, შემდეგ უკვე სახელმწიფოსთან იწყება მოლაპარაკება, რომ მუნიციპალიტეტებმა ან ჯანდაცვის უწყებამ მიხედოს, ადგილობრივი დაფინანსებაც ეტაპობრივად იყოს _ ასე ხდება პროგრამის დანერგვა. რეალურად, ასე ხდებოდა წლების განმავლობაში, თუმცა, მე არ მახსენდება ინიციატივა, რომელიც ხელისუფლებამ თავად დააინიცირა, თუ არ სჭირდება პიარისთვის და ხშირ შემთხვევაში, ესეც ფასადურად ჩაივლის ხოლმე და დიდი შედეგი ვერ ექნება. მაგალითად, პანდემიის პერიოდში დაანონსდა, რომ შშმ ადამიანებსაც გადაეცემოდათ სასურსათო კალათა. მაშინ, როცა ჩავერთეთ ჩვენც დარიგების კამპანიაში, რადგან საერთო გამოწვევა გვქონდა ყველას, აღმოჩნდა, რომ ბენეფიტი ეხებოდა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და 18-წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დანარჩენი კატეგორიებისთვის არ იყო. ვეცადეთ და მივაღწიეთ იმას, რომ აჭარაში, ყველა კატეგორიის შშმ პირზე დარიგებულიყო. თუნდაც სოციალური პაკეტის ზრდა რომ იყო, პენსია ემატებოდა მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებს, ხოლო დანარჩენ კატეგორიას – არა. როცა ხალხი ახმაურდა, პოლიტიკა შეცვალეს.
გამოწვევები ძალიან ბევრია და ცნობიერებამდე მივყავართ: ბევრი გამოწვევა, გარემო არ გვანვითარებს _ გვაზიანებს, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ხარისხიანი განათლება თანაბარ გარემოში მივიღოთ. განათლება თუ არ გაქვს, შესაბამისად, კონკურენტუნარიანიც ვერ იქნები და დაბალანაზღაურებად სამსახურებს ეძებ. ეს სტიგმას აღვივებს და სტერეოტიპებს, სიღარიბეს იწვევს. ხშირ შემთხვევაში, დამსაქმებელს ვერ წარმოუდგენია, რომ შშმ პირს რამის გაკეთება შეუძლია, არ ხდება მისი უნარების შეფასება.
_ რა სახის დახმარებას იღებდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს დახმარება ხელისუფლების პოლიტიკის გამო დაიკარგება? მოახდენს თუ არა ე. წ. “რუსული კანონი” გავლენას შშმ პირების მდგომარეობაზე საქართველოში?
_ “რუსულმა კანონმა” დაინიცირებისთანავე მოიტანა უარყოფითი შედეგები, როგორც არსამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე მათი ბენეფიციარებისთვის. კანონი დამტკიცებულია და ყველა ტერმინი მოგვაწებეს არასამთავრობო სექტორს, ყველაფერი გვიწოდეს და ყველაფერი გააკეთეს ჩვენი დისკრედიტაციისთვის, დაკნინებისთვის. საზოგადოება უკვე ფრთხილობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისას, თავს არიდებს რაიმე ტიპის შეხვედრებზე მოსვლას. თუ ურეკავ და შეხვედრაზე იწვევ, ცდილობს რომ ძალიან დეტალურად მიიღოს ინფორმაცია რა ტიპის შეხვედრაა. რა თქმა უნდა დეტალურად ვაწვდით ინფორმციას, მაგრამ უჩნდება კითხვები დონორი ვინ არის, პოლიტიკური პარტიები ხომ არ იქნებიან შეხვედრაზე, პოლიტიკურ ჭრილში ხომ არ განიხილება შეხვედრა და ასე შემდეგ. ასეთი რაღაცეები ჩვენთან არც ხდებოდა და არც ხდება, რომ პოლიტიკური მიმართულებით ვაქტიურობდეთ (საუბარია პოლიტიკურ კუთვნილებაზე, პარტიულ აქტივობაზე), თორემ, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიტიკაში, დასაქმების პოლიტიკაში, ყველა, ნებსით თუ უნებლიედ, ჩართული ვართ და უნდა ვიყოთ კიდეც.
ჩვენი პროექტები მიმართულია, რომ შეიცვალოს გეგმები და მიდგომები, რაც არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ. მაგალითად, წინა წლებში, ჩვენ გვქონდა პროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაძლიერებლად, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. ამ პროექტის ფარგელბში მომავალი მოსამართლეები გადამზადდნენ იუსტიციის სკოლასთან პარტნიორობით საერთაშორისო ექსპერტის მიერ, შემუშავდა მოდული შშმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით გადამზადებული მოსამართლეები შემდეგ უკვე თითონ გადაამზადებდნენ სხვა მოსამართლეებს. სამ რეგიონში იყო შექმნილი იურიდიული მხარდაჭერის ჯგუფები; ეს ადამიანები პოტენციურ დისკრიმინაციულ ქეისებს ეძებდნენ, იურისტთან ერთად განიხილავდნენ და თუ დგინდებოდა სავარაუდო დისკრიმინაცია სახალხო დამცველის მიერ, მიჰქონდათ სასამართლოში. ამ საქმეების განხილვა დაწყებულია, თუმცა, დასრულებული არ არის.ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ისეთ ეტაპზე ვართ, როცა საკანონმდებლო კუთხით გარკვეული საკითხები მოწესრიგებულია, მაგრამპრობლემურია აღსრულება. ამიტომ, სასამართლო ქეისები, გადაწყვეტილებები ძალიან გვჭირდება, რომ სახელმწიფომ პრევენციული ზომები მიიღოს და სამომავლოდ არ მოხდეს კანონდარღვევა, დისკრიმინაცია.
ასევე, გრანტებს გავცემდით და ხელს ვუწყობდით ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, მდგრადობას _ ბევრი ახალგაზრდა ცდილობს დაიმკვიდროს თავი რაღაც აქტივობებით, მაგრამ ეს ხდება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმით და ძალიან რთულია შეინარჩუნო მდგრადობა. ამიტომ, გავაკეთეთ მცირე გრანტების პროგრამა; შემდგომ ეტაპზე ისევ გავაგრძელეთ ევროკავშირის მხარდაჭერით 29-თვიანი პროექტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს და მალე დასრულდება. ოთხ რეგიონში შშმ საჭიროებებზე მომუშავე ქსელები შევქმენით, სადაც ხდებოდა კონკრეტულ რეგიონში წარმოქმნილი პრობლემის განხილვა, “მრგვალი მაგიდების“ ორგანიზება ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც მიგვქონდა პრობლემები, გამოწვევები, რაც ამ ქსელებში აქტუალობას იძენდა.
ჩვენი მიდგომა არაა, რომ მხოლოდ ხელისუფლება ვაკრიტიკოთ; თუ ვაკრიტიკებთ და ვამბობთ, რომ ესათუის პროგრამა არ არის და საჭიროა იყოს, ვეხმარებით იმაშიც, ვუთხრათ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, სად არსებობს მსგავსი ტიპის გამოცდილება, რა გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ. მათ რჩებათ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, უნდა დაამტკიცონ და ბიუჯეტში ასახონ.
რა თქმა უნდა, სერვისების საკითხს შევეხები: შინმოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამა ევროკავშირის დახმარებით დავიწყეთ აჭარაში. ეს ორივე პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაღალმთიან სოფლებში ხანდაზმულები, ხშირ შემთხვევაში, მარტოდ არიან დარჩენილები ან სხვადასხვა დაავადებები აწუხებთ და ყოველდღიური მოვლა და მეთვალყურეობა სჭირდებათ. ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ადამიანები მარტონი არიან. რამდენიმე ფაქტი იყო, როცა შინმოვლის სპეციალისტებმა გადაარჩინეს ადამიანის სიცოცხლე. მაღალ მთიანეთში, ასევე, რთულია შშმ პირისთვის დამოუკიდებლად გადაადგილება; ამიტომ, ამ ადამიანებისთვის არ არსებობს არც ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი, არც ტაქსი, რომ შეძლონ სოფლიდან ცენტრში ჩასვლა, განათლების მიღება, დასაქმება. პერსონალური ასისტენტი არის ხშირად საჭირო, რომ დაეხმაროს გახდაში, ჩაცმაში, საყიდლებზე წასვლაში და სამწუხაროდ, დიდი დრო დაკარგა სახელმწიფომ, რათა ეს სერვისი გადაებარებინა. შარშან, ივნისში დასრულდა პროგრამა და წელს, ივნისში დაიწყე., ანუ 1 წელი ჩააგდეს და ჩვენ მოგვიწია სხვა რესურსების მოძიება, რადგან დაახლოებით 10 თვე ადამიანები ამ სერვისს ვერ იღებდნენ. მართალია, ახლა დაიწყო, მაგრამ არის სხვა გამოწვევები. შინმოვლის პროგრამაში არის როგორც სოფლის, ასევე ქალაქის მოდელი. ქალაქის მოდელში უფრო მეტი სპეციალისტია ჩართული, ვიდრე სოფლისაში. შესაბამისად, ქალაქის მოდელზე უფრო მეტი დაფინანსებაა, ვიდრე სოფლისაზე, რაც რადიკალურად არასწორია: ტექნიკური ასისტენტი, საყოფაცხოვრებო ასისტენტი, ექიმი, მომვლელი და ა.შ. სოფელში უფრო საჭიროა. რთულია სოფელში ვინმე სპეციალისტი იპოვო, ხშირ შემთხვევაში, მეზობლებიც კი არ ჰყავთ, რადგან ერთმანეთისგან დაშორებით ცხოვრობენ, ცხოვრობენ მარტო და თუ მაგალითად, შუშა ჩაუტყდა, ნათურა გადაეწვა, ღუმელის მილი აქვს გამოსაცვლელი, ამას სჭირდება ტექნიკური ასისტენტი, რომ მოაგვაროს ეს ყველაფერი. ქალაქში უფრო მარტივია გადაადგილება, სოფელში ავტობუსი კი დილას მოდის და საღამოს მიდის, ანუ სპეციალისტებს უწევთ ან ფეხით ან საკუთარი ავტომობილით იარონ, რისი ხარჯიც არ უნაზღაურდებათ. ეს და სხვა მრავალი გამოწვევაა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ღირსეულად იცხოვრონ.
_როგორ შეაფასებთ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, ორმაგად დააფინანსოს ორგანიზაციები, რომლებმაც ნებაყოფლობით აღიარეს, რომ უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები არიან?
_ ეს გადაწყვეტილება ცოტა ირონიული და დამცინავია. როგორ წარმოგიდგენიათ, ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარე, სამთავრობო უწყებაზე დაქვემდებარება?! გამოდის, რომ ჩვეულებრივი, როგორი სსიპ-ები და ააიპ-ებიც აქვს მთავრობას, ისეთივე უნდა გახდეს არასამთავრობო ორგანიზაცია და არასამთავრობო კი არა, უკვე სამთავრობო სსიპ-ი ან ააიპ-ი იყოს, რომელიც სამთავრობო დაფინანსებას იღებს?!. ამით ერთგვარად ცდილობენ ფულით მოისყიდონ ადამიანები ამ რეესტრში დასარეგისტრირებლად. ძალიან რთული წარმოსადგენია რაიმე ინფრასტრუქტურულ პროგრამას ან ინფრასტრუქტურულ გახორციელებულ პროექტს რომ ვამონიტორინგებთ და პრობლემის შემთხვევაში, ვედავებით კიდეც, ან არჩევნებს ვაკვირდებით და პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ, ხელისუფლება იმისთვის გიხდიდეს ფულს, რომ შემდეგ ისევ ის გააკრიტიკო! ეს არ მოხდება დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელიც ცდილობს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გაანადგუროს, ჩაახშოს ვინც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს რაიმე საკითხთან დაკავშირებით, რაც ანტიკონსტიტუციურია. ყველამ ნახა, საკონსტიტუციო სასამართლოში როგორ ცდილობდნენ “გაეპრავებინათ“ ეს “რუსული კანონი”; რომ არა რუსეთის გამოცდილება, შესაძლოა, გარკვეული არგუმენტები მათი მხრიდან მისაღები ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ კარგად ვნახეთ როგორ განადგურდა არასამთავრობო სექტორი რუსეთში. ხელისუფლებამ იქაც გასცა დაპირება, რომ ფონდს შექმნიდა და დააფინანსებდა ორგანიზაციებს; იგივე ბედი გველის და იგივე ნაბიჯებით მიდიან. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მიუწოდებს ხელისუფლებას, რომ გააუქმოს ეს კანონი, რადგან არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებს.თუ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ ღირებულებებთან მიახლოება, ჩვენ უნდა გავუქმოთ ეს კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარი გვეხურება _ ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით, გაიყინა ეს პროცესი ისედაც. თუ რაიმე გაკეთებულა, წეღან რა პროგრამები, სერვისებიც ვახსენე, ყველაფერი ჩვენი დონორი ორგანიზაციების ფინანსებით გაკეთდა. ყველამ იცის, რომ USAID, NDI და კიდევ არაერთი ორგანიზაციაა, რომლებიც გვეხმარებოდნენ ქვეყანაში ევროპული ღირებულებები გაძლიერებულიყო, ადამიანებს ჰქონდეთ დაცულობის შეგრძნება, ელემენტარულად წყალი ჰქონოდათ! პარტნიორები უამრავ მიმართულებას აფინანსებენ და მათ შორის _ ხელისუფლებას, უფრო მეტადაც აფინანსებდნენ. ამის მიუხედავად, იქეთ დაუწყეს დავა, “გლობალურ ომის პარტიას“ და “უცხოურ ძალას“ ეძახიან! მე არ მახსენდება ისეთი პროექტი, რომელშიც დონორი ჩაერია: ეს ასე არ გააკეთოთ, ასე გააკეთეთო…
პროექტები კვლევებს ეყრდნობა, რომლებიც საქართველოში იყო ჩატარებული, აქ არსებულ გამოწვევებს ავლენდა და ამაზე დაყრდნობით ვწერდით პროექტებს, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა საერთაშორისო დონორების დაფინანსებით.
და როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას საერთოდ, რომ საერთაშორისო დონორები არ იქნებიან და სახელმწიფოს ეს სიკეთეები არ გამოეცლება?! სახელმწიფო ვერასოდეს ვერ აიღებს საკუთარ თავზე იმ ფინანსური რესურსების მოძიებას. მით უმეტეს, დონორები გვყავდა და მაშინ წუწუნებდნენ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ბიუჯეტზე, რომ ამდენი რესურსი არ გვაქვსო… ჩვენც ბოიკოტის რეჟიმში ვართ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კუთხით და როგორ წარმოგვიდგენია, რომ რამე ტიპის პროგრამა გაჩნდება, ან წინ წაიწევს, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის მდგომარეობა უკეთესი გახდება?! ადამიანები მოლოდინში არიან, რომ არჩევნები მოიტანს ევროკავშირისკენ დაბრუნებას, დასავლურ კოალიციებში გაერთიანების გზას. სხვანაირად გადარჩენა არ გვიწერია. ეს გზა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის და არ გვინდა წარსულში დაბრუნება. რა თქმა უნდა, “აგენტების“ რეესტრში არ ვრეგისტირდებით და ვაცნობიერებთ იმ საფრთხეეებს, რაც მოგველის. ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობაშია, ყველას შევატყობინეთ, რომ თეორიული რისკი არსებობს, ორგანიზაციას დაეეკისროს ჯარიმები და რთული გახდეს ფუნქციონირება. ეს მათი მიზანია. ჩვენ არ ვაჩერებთ მუშაობას, შეიძლება ფინანსების გარეშეც მოგვიწიოს, მაგრამ ეს საკითხები ყოველდღიურად ხელს გვიშლის დამოუკიდებელ ცხოვრებაში და ამიტომ, ჩვენ ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს, ჩვენს ღირებულებებზე უარს არ ვიტყვით. მაგრამ კარგის მოლოდინი არ გვაქვს, თუ ცვლილებები არ მოხდა არჩევნების შემდეგ. მარტო დაფინანსებაში არ არის საქმე: ჩვენი საქართველო, სამშობლო არის გარდამავალ ეტაპზე და ახლადგამოჩეკილი დემოკრატიული ფასეულობებით ვსარგებლობთ და არანაირი განოცდილება არ გვაქვს ამ ეტაპზე უნარშეზღუდული შესაძლებლობების ჭრილში. მივდივართ უცხოეთში და იქედან ვიღებთ გამოცდილებას, ვნერგავთ. რამე თუ შემოსულა, ყველაფერი დასავლურია შემოსული და მორგებულია ჩვენს კულტურულ თუ ეთნიკურ წეს-ჩვეულებებზე, დასავლეთთან ურთიერთობის შეწყვეტით ჩვენ წავალთ უკან და ყველა აღმოჩნდება 90-იანი წლების მდგომარეობაში _ ფიზიკურად გარეთ გამოსვლის საშუალებაც აღარ იქნება და ვერც გააპროტესტებ ამ ყველაფერს.
ავტორი