„თუ ინფიცირების მაჩვენებელი ზრდას ამ ტემპით განაგრძობს, ჩვენ ვეღარ შევძლებთ გადავარჩინოთ ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც, სხვა პირობებში, შევძლებდით“, – ამბობს იაპონიის მთავრობის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში, შიგერუ ომი.
ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება როგორც დედაქალაქში, ისე – მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ტოკიოში დღიური ინფიცირება 6 ათასამდეა, რაც, ოლიმპიადამდე არსებული სტაბილური ეპიდვითარების ფონზე, მკვეთრი მატებაა. საშუალოდ, ინფიცირების მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა, მზარდია მძიმე პაციენტთა რაოდენობაც.
იაპონიაში მოსახლეობის თითქმის 37%-ია აცრილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.