თურქეთის პოლიციამ 20 პირი დააკავა სოციალურ ქსელში მიწისძვრის შესახებ “პროვოკაციული” პოსტების გავრცელების გამო. ამის შესახებ bloomberg წერს.
როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი მოჰყვა მზარდი კრიტიკას მთავრობის მიერ სამაშველო მცდელობებთან დაკავშირებით კატასტროფის შემდეგ გადამწყვეტ პირველ დღეებში, სადაც 40,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა თურქეთსა და სირიაში.
თურქეთის პოლიციის განცხადებით, დაფიქსირდა სოციალური ქსელის 613 მომხმარებელი, რომელთა პოსტები “შიშსა და პანიკას” ავრცელებდნენ საზოგადოებაში. საქმის წარმოება 293 პირის წინააღმდეგ დაიწყო, ხოლო 15 თებერვლისთვის დაპატიმრებულია 20 ადამიანი.
თურქეთში იზრდება კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. კრიტიკოსების თქმით, მთავრობამ დააგვიანა სამაშველო მოქმედებების დაწყება ტრაგედიის პირველ დღეებში.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაერთხელ გამოეხმაურა მიწისძვრაზე სოციალურ ქსელში ხელისუფლების ქმედებების შესახებ “დეზინფორმაციის” გავრცელებას. მან მოუწოდა მოსახლეობას, ყურადღება არ მიაქციონ გავრცელებულ ტყუილებს.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან დაახლოებით 35 418 ადამიანი თურქეთში დაიღუპა, 5 800-ზე მეტი – სირიაში. რეგიონში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს თქმით, ორივე ქვეყანაში დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.
”ასევე, იზრდება შეშფოთება ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება სიცივეს, ჰიგიენასა და სანიტარიას” – ამბობს კლუგე და აღნიშნავს, რომ არსებობს ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, “არ იყო შემდგომი ბიძგები”. 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.
ავტორი