საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი დღეს გამართულ ბრიფინგზე ქსანი-სტეფანქმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟების საკითხს გამოეხმაურა. კახი კალაძის განცხადებით, რამდენიმე დღეა დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ.
”საქართველოს მთავრობამ, ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, მიიღო ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ გეგმის ნაწილია ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზები. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული დესტრუქციული ძალები ეწინააღმდეგებიან არამხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ზოგადად, არამედ ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ განვითარებას. ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ ამ ადამიანების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი დეზინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში. ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ეს ხაზები საშიშია ჯანმრთელობისთვის, იწვევს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ა.შ. ეს არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები და მიცვალებულებს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა”, _ განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, დესტრუქტიულ ძალებში მოიაზრებიან “კონკრეტული ადამიანები, რომლებიც შვილმკვდარი დედის ტრაგედიას იყენებენ თავიანთი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად”.