თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე დაემუქრა, ამის უამრავი მიზეზი მცენარეზე გავრცელებული მავნებლები და დაავადებებია. კერძოდ, მავნებლები: კვირტის ტკიპა, ხარაბუზა, ამბროზიის ხოჭო, ბოლოს გამოჩენილი ფაროსანა და ოცზე მეტი სახეობის სოკოვანი დაავადება.
ყველაზე საშიში _ ბაქტერიოზი, ეს ის დაავადებაა, რომელიც კვირტში იჭრება და მისი დახურვისთანავე მუშაობს თხილის გულის შიგნით, რაც საბოლოოდ იწვევს თხილის გულის ბაქტერიულ სიდამპლეს. ამიტომ, სწორედ ახლა, ადრიან გაზაფხულზე თხილის პლანტაციებს უპირველესი და სასწრაფო წამლობა სჭირდება.
გახსოვდეთ და საქმეს შეუდექით კვირტის გაშლამდე: შეასხურეთ სპილენძის შემცველი პრეპარატები თხილის მცენარეს მდედრობითი კვირტის დახურვამდე. გაითვალისწინეთ, წელს თბილი ზამთარია და ზონების მიხედვით ეს პერიოდი თებერვალში დაიწყო.
საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ ეს უთოვლო და თბილი ზამთრის დღეები დამღუპველად მოქმედებს თხილის მცენარეზე და საერთოდ, სოფლის მეურნეობაზე. ამიტომ მარტის დასაწყისიდანვე გურიაში ყველა მეურნე, ვისაც კი თხილის დიდი თუ მცირე პლანტაცია აქვს, სასწრაფოდ უნდა შეუდგეს შეწამვლის პროცესს. თხილის კვირტმა თუ გაშლა და დახურვა მოგვასწრო, მერე ამაოა ყოველგვარი მცდელობა ნაყოფის სიდამპლისგან გადასარჩენად. ყოველი მომდევნო წამლობა იქნება მთლიანად უშედეგო და პესტიციდებისთვის გაღებული თანხა კი წყალში გადაყრილი ფული. ამიტომ მიმართეთ სპეციალისტებს, გამოცდილ აგრონომებს, შესაბამის სამსახურებს და ადრიან გაზაფხულზე უშველეთ თხილს, დაიწყეთ შეწამვლა, რომ ვარგისი მოსავალი მიიღოთ.