თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 13 წლის მომხდარი დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს გააგრძელა. დღევანდელ პროცესზე კოლეგია ამავე საქმეში ბრალდებულის, მოგვიანებით კი გამართლებულის, ასლან ბეჟანიძის დაცვის მხარის შესავალ სიტყვას ისმენდა.
ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში დეტალურად ისაუბრა საქმეში არსებულ შეუსაბამობებთან და მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობასთან დაკავშირებით, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მოსამართლე გიორგი დარახველიძეც მიუთითებს.
ადვოკატის თქმით, „არ არის დადგენილი დანაშაულის მოტივი! არ არის წარმოდგენილი ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რომ ასლან ბეჟანიძეს ჰქონდა ოთხმეზურის მოკვლის მოტივი“.
ტარიელ კაკაბაძემ შესავალი სიტყვის კითხვისას არაერთხელ აღნიშნა, რომ საქმის მთავარი მოწმეები, შოთა შანიძე, გიორგი მორჩილაძე და ლევან ბოჭორიშვილი, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს ჩვენებები ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ მისცეს (თუმცა მათი ეს ჩვენებები მოსამართლემ მოგვიანებით სარწმუნოდ არ მიიჩნია, ავტ.) შემთხვევის დროს, 2004 წელს დაკითხული არცერთი მოწმის ჩვენებაში არ ფიგურირებენ. ადვოკატის თქმით, დიდი ალბათობით, ისინი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და შემთხვევას ვერ აღწერს.
„არცერთი 2004 წელს დაკითხული პირი არ მიუთითებს საქმეში არსებული პირდაპირი მოწმეების: ლევან ბოჭორიშვილის, შოთა შანიძისა და გიორგი მორჩილაძის შემთხვევის ადგილზე ყოფნაზე, ისევე როგორც მოწმეების არჩილ ნასრაშვილისა და ჯიმი მაჩაბელის შემთხვევის ადგილზე ყოფნაზე. და რაც მთავარია, თავად ეს ახლადდაკითხული მოწმეებიც, რომლებიც ზემოთ ვახსენე, ერთმანეთის შემთხვევის ადგილთან არსებობას ვერ ადასტურებენ.
არაფერი უშლიდა გამოძიებას, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მომხდარი დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებაში მაშინ, როდესაც უამრავი პირი იმყოფებოდა ადგილზე.
არ არის ამოღებული შემთხვევის იარაღი ასლან ბეჟანიძის სახლიდან.
არ არის ამოღებული ასლან ბეჟანიძის ტანსაცმელი.
არ არის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზა არც დაქტილოსკოპიური და არანაირი სხვა სახის ექსპერტიზა; არ არის მოპოვებული არანაირი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ასლან ბეჟანიძის კონკრეტულ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებს.
არ არის დაკითხული გამომძიებელი ალავიძე, რომელმაც ჩაატარა საქმესთან დაკავშირებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც გამოძიების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უშლიდა ხელს თავის დროზე გამოეძიებინათ კონკრეტული საქმე და რეალური დამნაშავე მოეძებნათ დანაშაულის ჩადენის დღესვე. არ არის დადგენილი დანაშაულის მოტივი! არ არის წარმოდგენილი ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რომ ასლან ბეჟანიძეს ჰქონდა ოთხმეზურის მოკვლის მოტივი“, _ განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თავისი შესავალი სიტყვის კითხვისას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა რამდენჯერმე გააპროტესტა ადვოკატის მიერ მოწმეთა ჩვენებების განხილვისას მოყვანილი ფაქტები და აღნიშნა, რომ ტარიელ კაკაბაძე ცრუობს. პროკურორი ითხოვდა, მოსამართლეებს მიეთითებინათ ადვოკატისთვის როგორ წარემართა თავისი შესავალი სიტყვა, თუმცა, მანუჩარ კაპანაძის განცხადებით, მას ამის უფლება არ აქვს.
„ჩვენ ვერ მივცემთ მხარეს მითითებას, როგორ წარმართოს თავისი შესავალი სიტყვა. თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, მოინიშნეთ და თქვენს დასკვნით სიტყვაში ისაუბრეთ“, _ აღნიშნა მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ კი პროკურორს მიმართა:
„გადაწყვეტილებას გამოვიტანთ მტკიცებულებების საფუძველზე და არა თქვენი რეპლიკების მიხედვით“, _ აღნიშნა ბარბაქაძემ.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ საქმის პროკურორს, ამირან გულუაშვილს, თუმცა, გულუაშვილმა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „რაიმეს თქმას აზრი არ აქვს, თქვენ მაინც თქვენი ინტერპრეტაციით წერთ ყველაფერს“.
ჩვენი მოთხოვნის შემდეგ, ეთქვა მას რა პრეტენზია ჰქონდა ჟურნალისტთან და დაესახელებინა არგუმენტები, გულუაშვილმა გვიპასუხა:
„ჩემი პოზიცია მოსმენილი გაქვთ თქვენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას. რაიმე განსხვავებული მე დღეს პროცესზე არ მითქვამს. დანარჩენი თქვენი ინტერპრეტაციით ჩაწერეთ“, _ განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
აქვე ვაცხადებთ, რომ „გურია ნიუსი“ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას 2016 წლის ოქტომბრიდან აწარმოებს. ვესწრებოდით ყველა სასამართლო პროცესს, რომლებზეც მოწმეები დაიკითხნენ, გვაქვს ყველა მოწმის ჩვენების აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა. ჩვენს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მასალებით კი დგინდება, რომ ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმეები, შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე სხვა მკვლელობის საქმეშიც მთავარი მოწმეები არიან. იმ სისხლის სამართლის საქმეს კი, ოთხმეზურის საქმესთან კავშირი არ აქვს, თუმცა, ერთიდაიგივე მოწმეების სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში გამოჩენა გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ სისხლის სამართლის საქმის პროკურორიც ამირან გულუაშვილია. ერთიდაიგივე მოწმეებისა და პროკურორის სავარაუდო შეთანხმების შესახებ ასლან ბეჟანიძის დაცვის მხარემ „გურია ნიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში დეტალურად ისაუბრა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ შოთა შანიძე თანამშრომლობისთვის, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლონ, რაც შეეხება გიორგი მორჩილაძეს, მას ამირან გულუაშვილმა საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „გურია ნიუსს“ პროცესებზე სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ ეძლევა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კოლეგიის თავმჯდომარემ, მანუჩარ კაპანაძემ „გურია ნიუსს“ ფოტოგადაღების უფლება არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგადაღებისა და აუდიოჩაწერის უფლება კანონმდებლობის დაცვით, განსაზღვრულ ვადებში ვითხოვეთ. მოსამართლეს დღეს არ განუმარტავს, რის გამო ეთქვა ჟურნალისტს ფოტოგადაღებაზე უარი.
რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ პროცესების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ, „გურია ნიუსი“ აპირებს გამოითხოვოს მოსამართლის დასაბუთებული განჩინება ფოტოგადაღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გამორიცხული, სასამართლოში გავასაჩივროთ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს სააპელაციო სასამართლოსგან ფოტოგადაღებაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა არ არის. ამავე სასამართლოს მოსამართლე მერაბ ლომიძემ, 2017 წლის 20 თებერვალს, “გურია ნიუსის” ჟურნალისტს ასევე არ მისცა ფოტოგადაღების უფლება.
მიუხედავად ხელშეშლისა, „გურია ნიუსი“ აგრძელებს დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე მუშაობას და სხვა სტატიებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2017 წლის 27 ივნისს შუამდგომლობის განხილვით და მხარეების დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება.
შენიშვნა: წარმოდგენილი ფოტოები გადაღებულია “გურია ნიუსის” მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესების მიმდინარეობისას
ამავე თემაზე:
ექსკლუზივი – არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან
პროკურატურის „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან – ნაწილი II
ექსკლუზივი – 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები
რა არგუმენტებით დაასაბუთა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობა
მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)
მკვლელობაში გამართლებულის დედის პასუხი ოთხმეზურების ოჯახს
„დამნაშავეს მფარველობდნენ“ – ვის ადანაშაულებს ოთხმეზურის მამა მკვლელობის გამოძიების გაჭიანურებაში
რას აცხადებს მოკლული დავით ოთხმეზურის მამა და ვის დასჯას ითხოვს ის
ექსკლუზივი – რატომ შეუცვალეს საპატიმრო დაწესებულება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულს